გუშინ, 4 თებერვალს გამართულ სხდომაზე გაცემული რეკომენდაციის შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლეობა სამკურნალოდ რუსეთის ფედერაციაში უნდა გაემგზავროს. საქართველოში კი – მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში. მაგალითად, ტრავმების, ჭრილობებისა და სისხლდენების შემთხვევევში – როდესაც პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. გარდა ამისა, თბილისში სამკურნალოდ ჩამოსვლა ექიმთა კონსილიუმის დასკვნის საფუძველზე უნდა მოხდეს.
საკითხს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გამოეხმაურა. მინისტრის განმარტებით, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკიდან ყოველთვიურად ათეულობით ადამიანი ჩამოდის სამკურნალოდ.
“ისინი აქ იღებენ ხარისხიან სამედიცინო დახმარებას, რომლის დაფინანსებასაც სახელმწიფო უზრუნველყოფს. ასეთი ტიპის შეზღუდვის შემთხვევაში პაციენტების სიცოცხლეს, შესაძლოა, საფრთხე დაემუქროს,” – აცხადებს მინისტრი.