“ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა დღეს განცხადება გაავრცელეს და პრემიერ-მინისტრის ოჯახი კორუფციაში დაადანაშაულეს, რასაც უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ საპასუხო ბრალდებებით უპასუხა.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ “სერპანტინი” 1975 წლიდან არსებობს და მას თამაზაშვილსა და მის ოჯახთან კავშირი არ აქვს, რასაც, მისივე თქმით, ვერ ვიტყვით “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების საქმიანობაზე:
“ახლა მე მინდა წარმოგიდგინოთ კონკრეტული მაგალითები, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაფუძნებული კონკრეტული კომპანიები და კორუფციული სქემები, რომლითაც ხდებოდა ახლად დაფუძნებული კომპანიებისთვის, რომლებსაც ხელისუფლებაში მყოფი პირები პირდაპირ ლობირებდნენ და მათთან დაკავშირეუბლი ოჯახის წევრები, ახლობლები განაგებდნენ ამ კომპანიებს, როგორ ხდებიან უცებ მილიონერები და როგორ ხდება ხელისუფლებაში ყოფნის გამოყენება ქონების დასაგროვებლად. მაგალითად, გიგი უგულავასთან დაკავშირებულ ფირმებს 13 მილიონ ლარზე მეტი აქვთ მიღებული; გიორგი ბარამიძესთან დაკავშირებულ საწარმოებს 23 მილიონი ლარზე მეტი აქვთ მიღებული, ხოლო უშუალოდ ბარამიძემ უძრავი ქონების რეალიზაციით ორ მილიონ ლარამდე თანხა მიიღო. გივი თარგამაძესთან დაკავშირებულ ფირმებს 85 მილიონ ლარამდე აქვთ მიღებული. გიორგი თევდორაძის ოჯახის წევრების კუთვნილ საწარმოებს 5 მილიონ ლარზე მეტი აქვთ მიღებული. გიგა ბოკერიასთან დაკავშირებულ ფირმებს 45 მილიონ ლარზე მეტი აქვთ მიღებული, ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებულ 22 კომპანიას კოლოსალური თანხები აქვს აღებული.”
“ნაციონალური მოძრაობის” წევრები აცხადებენ, რომ გამოვლინდა ირაკლი ღარიბაშვილსა და მის სიმამრ თამაზ თამაზაშვილთან დაკავშირებული მსხვილი კორუფციული სქემა:
“კლანმა თავის კონტროლს ქვეშ მოაქცია ტენდერის გამომცხადებელი სტრუქტურა, შემსრულებელი ფირმები და შემმოწმებელი კომპანია. პრემიერის მეუღლის (თამაზაშვილის ქალიშვილის) ნუნუკა თამაზაშვილის ბიძაშვილი იოსებ ქადაგიშვილი დაინიშნა ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ და სატენდერო კომისიის თავმჯდომარედ. ერთი წლის განმავლობაში საგზაო მშენებლობაში გამოცხადებულ ტენდერებში უკვე 9-ჯერ გაიმარჯვა შპს „სერპანტინმა“ (ჯამური ღირებულება 15 მილიონი ლარი), მათ შორის 12.5 მილიონი ლარის ტენდერები სწორედ ინფრასტრუქტურის სამინისტროს და მის დაქვემდებარებულ ორგანიზაციის მიერ იქნა გამოცხადებული. გარდა ამისა, პირდაპირი შესყიდვის წესით კომპანიასთან გაფორმებული არის რამდენიმემილიონიანი ხელშეკრულებები. კომპანია „სერპანტინის“ 51%-ის მფლობელი თამარ ჯანყარაშვილია, შს მინისტრის მოადგილის გიორგი ზედელაშვილის დედა და შსს გენ. ინსპექციის უფროსის, თამაზაშვილის დის შვილის, ზვიად ჯანყარაშვილის ახლო ნათესავი. აღნიშნულმა კომპანიამ ერთი წლის განმავლობაში მოიგო, ჯამში, 15 მილიონ ლარზე მეტი მოცულობის ტენდერები (შედარებისთვის გასული წლების განმავლობაში იგივე ფირმამ 6 მილიონი ლარის ოდენობის სახელმწიფო შეკვეთა შეასრულა ანუ საშუალოდ წელიწადში 20 ჯერ ნაკლები ვიდრე უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში). კლანმა ზეწოლის შედეგად აიძულა დაგებული საფარის შემოწმებელი ერთადერთ ფირმა შპს „საავტომობილო გზების რეაბილიტაციიისა და მოდერნიზაციის ზედამხედველობის დირექცია” ქვეკონტრაქტორად აეყვანა შპს „ვილსფორტ მენეჯმენტი“, რომლის ტექნიკური დირექტორი არის ელდარ ხუციაძე, შპს „სერპანტინის“ 31% მფლობელის ნუგზარ ხუციაძის მამა”, – აცხადებენ “ნაციონალურ მოძრაობაში”.