ახალი ამბები

ქადაგიშვილი უარყოფს ნათესაურ კავშირს პრემიერის ოჯახთან

5 თებერვალი, 2014 •
ქადაგიშვილი უარყოფს ნათესაურ კავშირს პრემიერის ოჯახთან

”სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არანაირი ნათესაური კავშირი თამაზ თამაზაშვილთან [ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი] და მის ოჯახთან არ გამაჩნია, რისი გადამოწმებაც “ნაციონალურ მოძრაობას” არ გაუჭირდებოდა. მათი განცხადება არის სიცრუე და ცილისწამება, თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ დედა დედისერთაა და ვერავისი მამიდაშვილი ვერ ვიქნები. მე უკვე ვესაუბრე ჩემს ადვოკატს, რომელიც სარჩელს ამზადებს და “ნაციონალური მოძრაობის” ავანტიურას და თავგასულობას სასამართლო გამოაშკარავებს,” – განაცხადა იოსებ ქადაგიშვილმა. 

 

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ასევე, გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების განცხადებას საავტომობილო გზების დეპარტამენტში გამოცხადებულ ტენდერებში არსებულ კორუფციულ ინტერესებზე:

 

“სიცრუეა, როდესაც საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი აცხადებს, თითქოს  საგზაო კომპანია ”სერპანტინს” საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული ტენდერების დიდი რაოდენობა აქვს მოგებული, თანაც მთელი ქვეყნის მასშტაბით.  ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მოიპოვოს ან გადაამოწმოს ინფორმაცია ელექტრონული ტენდერების ნუსხაში და ნახოს, რომ კომპანია ”სერპანტინმა” 2013 წელს გაიმარჯვა 4 ტენდერში და  მხოლოდ  თავისი საქმიანობის არეალში – კახეთის რეგიონში. 

 

აღნიშნულმა კომპანიამ 2013 წელს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ 7 ტენდერში  უარყოფითი შედეგი მიიღო, ხოლო სარეაბილიტაციო და პერიოდული შეკეთების სამუშაოებზე  2 საავტომობილო გზის ცალკეულ მონაკვეთებზე გამოცხადებულ 4 ელექტრონულ ტენდერში გაიმარჯვა”, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.


“გამოვლინდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და მის სიმამრ თამაზ თამაზაშვილთან დაკავშირებული მსხვილი კორუფციული სქემა. კლანმა თავის კონტროლს ქვეშ მოაქცია ტენდერის გამომცხადებელი სტრუქტურა, შემსრულებელი ფირმები და შემმოწმებელი კომპანია”, – განაცხადეს დღეს “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა.


მათივე ცნობით, ერთი წლის განმავლობაში საგზაო მშენებლობაში გამოცხადებულ ტენდერებში უკვე 9-ჯერ გაიმარჯვა შპს „სერპანტინმა“ (ჯამური ღირებულება 15 მილიონი ლარი), მათ შორის 12.5 მილიონი ლარის ტენდერები სწორედ ინფრასტრუქტურის სამინისტროს და მის დაქვემდებარებულ ორგანიზაციის მიერ იქნა გამოცხადებული:


“გარდა ამისა, პირდაპირი შესყიდვის წესით კომპანიასთან გაფორმებული არის რამდენიმემილიონიანი ხელშეკრულებები. კომპანია „სერპანტინის“ 51%-ის მფლობელი 65 წლის ქალბატონი თამარ ჯანყარაშვილი, შსს მინისტრის მოადგილის გიორგი ზედელაშვილის დედა და შსს გენ. ინსპექციის უფროსის, თამაზაშვილის დის შვილის, ზვიად ჯანყარაშვილის ახლო ნათესავი”, – აცხადებენ “ნაციონალურ მოძრაობაში”.

მასალების გადაბეჭდვის წესი