ახალი ამბები

ხატიაშვილი გამომძიებლის მხრიდან ადვოკატის დევნაზე საუბრობს

5 თებერვალი, 2014 •
ხატიაშვილი გამომძიებლის მხრიდან ადვოკატის დევნაზე საუბრობს

ადვოკატი ტარიელ კიკნაძე წინასწარი გამოძიების პროცესში შპს “გრინსერვისის” საქმეზე იცავს ბრალდებულ კობა ხარშილაძის ინტერესებს, რომელიც იყო ყოფილი პრემიერ–მინისტრის ზურაბ ჟვანიას დაცვის უფროსი.

 

ხატიაშვილის ცნობით, 2014 წლის 4 თებერვალს ფინანსური პოლიციის გამომძიებელმა თეონა მიქაცაძემ მოწმის სტატუსით დაკითხვაზე დაიბარა ადვოკატი ტარიელ კიკნაძე, რომელსაც აძალებდა ჩვენების მიცემას იმ საქმეზე, რა საქმეზეც ადვოკატი ახორცილებს თავის საადვოკატო უფლებმოსილებას:

 

“მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატმა ტარიელ კიკნაძემ მას განუმარტა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის 1 ნაწილის „ა“ და „ბ“ ნაწილების თანახმად არ შეიძლება ადვოკატის დაკითხვა იმ გარემოებებაზე, რაც ადვოკატისთვის ცნობილი გახდა უშუალოდ დაცვის განხორციელების ან იურიდიული კონსულტაციის მიცემის პროცესში, გამომძიებელმა გადაამეტა თავის უფლებამოსილებას და შეადგინა მოწმის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზე გაფრთხილების ოქმი, რითაც დაშანტაჟა ადვოკატი ტარიელ კიკნაძე. თუ ადვოკატი ტარიელ კიკნაძე მისცემს ჩვენებას მოწმის სახით, იგი ვეღარ დაიცავს თავის დაცვის ქვეშ მყოფს, რაც ნებისმიერ დემოკრატიულ ქვყანაში აღიქმება საადვოკატო უფლებამოსილების განხორციელებაში ხელის შეშლად.

 

იმ არაკვალიფიციური პროკურორების და გამომძიებლების გასაგონად, რომლებიც არ იცნობენ ადვოკატებთან მიმართებაში დადგენილ საერთაშორისო სტანდარტებს, განვმარტავ, რომ ადვოკატის დაკითხვა საადვოკატო უფლებამოსილების განხორციელების დროს წარმოადგენს საადვოკატო საქმიანობაში ხელის შეშლას”, – აცხადებს ზაზა ხატიაშვილი. 

 

იგი მიმართავს მთავარ პროკურორს, რათა “აღკვეთოს ფინანსური პოლიციის გამომძიებელ თეონა მიქაცაძის მიერ ადვოკატ ტარიელ კიკნაძის მიმართ განხორცილებული ძალადობა”. ხატიაშვილი მოითხოვს თეონა მიქაცაძის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემასაც თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტების გამო.

მასალების გადაბეჭდვის წესი