ახალი ამბები

ახალაია: პროკურორი ნადოი ცრუ ჩვენების მიცემაზე ადამიანებს “აკაჩავებს”

5 თებერვალი, 2014 •
ახალაია: პროკურორი ნადოი ცრუ ჩვენების მიცემაზე ადამიანებს “აკაჩავებს”

“მე 7 ბრალი მქონდა წაყენებული, დიდ უმრავლესობაზე გავმართლდი. მსურს ჩემი ობიექტური შეფასება მოგახსენოთ. ზოგად კონტექსტთან მე წელიწადმზე მეტია წინასწარ პატიმრობაში ვარ. მაგრამ ერთ რამეს, რასაც ვაკეთებ, კარგად ვუვლი იმ დაწესებულებას, რომელშიც ვიმყოფები. რადგან გაივლის დრო და ისინი, ვინც ახლა სისხლის სამართლებრივ დევნას ახორციელებს ჩემ წინააღმდეგ, კანონის სრული დაცვით აღმოჩნდებიან იქ, სადაც ახლა მე ვიმყოფები”,- განაცხადა ახალაიამ სააპელაციო სასამართლოში, მის სასამართლო სხდომაზე. 

 

ახალაიას მიაჩნია, რომ მის მიერ აღნიშნული გარემოება მიანიშნებს იმაზე, რომ მის წინააღმდეგ ბრალდებები არის პოლიტიკური დევნა. მან ასევე განაცხადა, რომ დღეს საქართველოში “გამოძიება არ არსებობს”.

 

“ძალიან გთხოვთ, მიაქციეთ ფრაზებს ყურადღება, როდესაც ამბობთ რაღაცაზე, რომ “გამოძიება” დაადგენს. რომელი გამოძიება დაადგენს, რომელიც არ არსებობს?! დღეს რეზო ნადოი [პროკურორი] პერიოდულად დადის და “აკაჩავებს” ადამიანებს ცრუ ჩვენების მიცემაზე. ამ ეტაპისთვისაც, როცა ჩვენ აქ ვსხდევართ, ზეწოლა მიდის ადამიანებზე, განსაკუთრებით სამეგრელოს რეგიონში. უაზრო ტერორია ხალხზე. ამით ცდილობენ თავიანთი მარცხის გამართლებას. მათ სჭირდებათ, რომ საზოგადოებას მიაწოდონ ეს სანახაობა,”- განაცხადა ახალაიამ. 

 

მისი თქმით, ტერორი მოსამართლეებზეც ხორციელდება, რათა ის პატიმრობაში დატოვონ. 

“ჰგონიათ, რომ თუ ადამიანი, რომელიც არ არის საზოგადოებაში პოპულარული, ეს ყველაფერი შერჩებათ”, – თქვა ბაჩო ახალაიამ.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ციხის ბუნტის საქმეზე სასამართლო სხდომა გაიმართა, რომელშიც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ბაჩო ახალია ბრალდებულია. 

მასალების გადაბეჭდვის წესი