ახალი ამბები

შსს-მ 2003 წელს მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა

5 თებერვალი, 2014 •
შსს-მ 2003 წელს მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა

შსს-ს ცნობით, დაკავებულია შსს-ს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის მეშვიდე სამმართველოს უფროსი მინდია არაბული და კიდევ ერთი პირი – გოჩა მ. ხოლო ამავე დანაშაულის თანამონაწილეები – მამუკა ჩ. და ამჟამად სომხეთის რესპუბლიკაში პატიმრობაში მყოფი რევაზ გ. ამხილეს.

 

გამოძიების ცნობით, მინდია არაბულმა განიზრახა თავისი მეგობრის, დავით ჩხეიძის კუთვნილ, დიდი ოდენობით თანხას მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდა:


“ამისთვის იგი დაუკავშირდა გოჩა მ-ს, მამუკა ჩ-ს და რევაზ გ-ს, გაანდო მათ დანაშაულებრივი განზრახვა და შესთავაზა, რომ ყაჩაღურად თავს დასხმოდნენ იმჟამინდელ შსს-ს სასაზღვრო ჯარების დეპარტამენტის საკადრო რესურსების სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელს, 1961 წელს დაბადებულ დავით ჩხეიძეს, დაუფლებოდნენ მის კუთვნილ ფულს და შემდეგ გაენაწილებინათ თანხა ერთმანეთში, რასაც ისინი დასთანხმდნენ.


გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ მინდია არაბულმა თანამზრახველებს შეატყობინა, რა დროს და რა ადგილას იქნებოდა დავით ჩხეიძე, რომელსაც თან უნდა ჰქონოდა დიდი ოდენობით თანხა. 2003 წლის 3 დეკემბერს, მინდია არაბულის დავალებით, გოჩა მ, მამუკა ჩ. და რევაზ გ. ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში ყაჩაღურად თავს დაესხნენ დავით ჩხეიძეს. შემთხვევას შეესწრო საქართველოს იმჟამინდელი სახელმწიფო უშიშროების თანამშრომელი, 1976 წელს დაბადებულ ირაკლი ბასილაშვილი. თავდამსხმელებმა ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით დავით ჩხეიძეს 25 ათასი აშშ დოლარი, ხოლო ირაკლი ბასილაშვილს „ბერეტა“-ს ტიპის პისტოლეტი გასტაცეს. დაყაჩაღებისას გოჩა მ-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთი გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა ბასილაშვილს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ბრალდებულები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ”, – აცხადებენ შსს-ში.


სამართალდამცველებმა გოჩა მ. 2014 წლის 28 იანვარს ბორჯომის რაიონის სოფელ წაღვერში იმ დროს დააკავეს, როცა ის მიმალვას აპირებდა, ხოლო მინდია არაბული 1 თებერვალს ყაზბეგის რაიონში, ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში, თავის სამუშაო კაბინეტში დააკავეს.


გამოძიება მიმდინარეობს დიდი ოდენობით სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით) და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით). გამოძიებას აწარმოებს თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი