აბაშიძემ ეს ინფორმაცია ჟურნალისტებს დღევანდელ პრესკონფერენციაზე დასმული კითხვის საპასუხოდ მიაწოდა: აბაშიძეს ჰკითხეს, რა მიიღო ქართულმა მხარემ იმის სანაცვლოდ, რომ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრადლებული პირები პატიმრობიდან გაათავისუფლა ამნისტიის საფუძველზე:
“ცოტა ხნის წინ რუსეთის მხარემ ვადაზე ადრე გაათავისუფლა საქართველოს 2 მოქალაქე, რომლებიც რუსეთში სასჯელს ჯაშუშობის ბრალდებით იხდიდნენ. ჩვენ ამ თემაზე ვსაუბრობთ რუსეთის მხარესთან. საქართველოს მოქალაქეებს 8 და 9 წელი ჰქონდათ მისჯილი საკმაოდ ცუდი პერსპქტივით, თუმცა ახლა ისინი უკვე საქართველოში იმყოფებიან თავიანთ ოჯახის წევრებთან ერთად. ჩვენ ახლა ვმუშაობთ იმაზე, რომ ამ ბრალდებით დაკავებული საქართველოს სხვა მოქალაქეების გათავისუფლებაც მოხდეს. იქ კიდევ დარჩა რამდენიმე ადამიანი”, – განაცხადა აბაშიძემ.
მისი თქმით, ზემოხსენებული ორი პირი, რომელთა იდენტიფიკაციისაგან აბაშიძემ თავი შეიკავა, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ პერიოდში დააკავეს. აბაშიძემ არ დააკონკრეტა, საქართველოს კიდევ რადმენი მოქალაქე იხდის სასჯელს რუსეთის ციხეებში მსგავსი ბრალდებით.
“ჩვენ ამ თემას არ ვაპიარებდით. ეს ძალიან სერიოზული თემაა და ამიტომაც არ ვპასუხობდით ჩვენი ოპონენტების კრიტიკას. ჩვენ უკვე გვაქვს კონკრეტული შედეგი და ეს პასუხია იმ კრიტიკაზე, რომ რუსეთთან დიალოგი საჭირო არ არის. ეს არის კიდვ ერთი შედეგი ჩვენი დიალოგის. აბსოლუტურად საფუძვლიანი იმედი გვაქვს, რომ სხვა მოქალაქეების მიმართაც მალე იქნება ანალოგიური გადაწყვეტილება მიღებული”.