ახალი ამბები

რატომ უქმნიან საქართველოს მოქალაქეებს უკრაინაში შესვლის პრობლემას

5 თებერვალი, 2014 • • 1627
რატომ უქმნიან საქართველოს მოქალაქეებს უკრაინაში შესვლის პრობლემას

საქართველოს რამდენიმე მოქალაქე აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში უკრაინაში შესვლის თვალსაზრისით გარკვეული პრობლემები შეექმნა. პრობლემები, რომელზეც ისინი საუბრობენ, რამდენიმე კატეგორიად იყოფა: ნაწილი ქვეყანაში შესვლას საერთოდ ვერ ახერხებს, ხოლო მეორე ნაწილი, რომელმაც საზღვრის გადაკვეთა მოახერხა, აცხადებს, რომ ამისათვის საკმაოდ უსიამოვნო დაკითხვის პროცესის გავლა მოუხდა.

 

“ეს პირდაპირ უკავშირდება ევრომაიდანს და კიევში მიმდინარე საპროტესტო მოვლენებს. საერთოდ, უკრაინის სასაზღვრო და საბაჟო სამსახურები ყოველთვის გამოირჩეოდნენ მაღალი ბიუროკრატიული მიდგომებით და მოუხერხებელი სასაზღვრო გამშვები პუნქტებით, მაგრამ ახლა, მით უმეტეს, რაც დაფიქსირდა, რომ ძალიან ბევრი ქართველი უჭერს მხარს უკრაინის ოპოზიციის აქციებს, სამთავრობო უწყებებმა გაამკაცრეს თავიანთი ქვედანაყოფები, მათ შორის სასაზღვრო გამშვები პუნქტები”, – აცხადებს პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი, რომელიც ევროკავშირის საკითხებზე მუშაობს.

 

ბათუმელი აკაკი გაბეჩავა უკრაინიდან რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა. იგი ამტკიცებს, რომ დონეცკის აეროპორტში- ისე, რომ ქალაქში გადაადგილების შესაძლებლობა საერთოდ არ ჰქონია- 3–წლიანი დეპორტი გაუფორმეს, 2 დღე აეროპორტში ამყოფეს ყოველგვარი პირობების გარეშე, ხოლო შემდეგ ბილეთი აუღეს და სამშობლოში დააბრუნეს:

 

“როცა ჩავედით, საბაჟოზე არც ერთი აქედან ჩასული არ გაგვატარეს, ყველას მოგვიწყვეს დაკითხვა. ბევრი წვალების შემდეგ სხვები გაატარეს, თუმცა სამნი დაგვტოვეს: მე და კიდევ ორი სხვა, რომლებიც უკრაინაში ერთად მგზავრობდნენ. მეკითხებოდნენ, ვისთან მიდიხარ, საიდან იცნობ, სამუშაოდ ხომ არ მიდიხარო? ძალიან ცუდად მელაპარაკებოდნენ, ხელი არ დაურტყამთ და არ შეუგინებიათ, თორემ კინოში რომ გვინახავს, დამნაშავე როგორ ჰყავთ დაკითხვაზე, დაახლოებით ისე ვიყავი მეც. გავგიჟდი, მე ვუთხარი, რა გჭირთ ხალხო–მეთქი. შემდეგ ვითომ დაურეკეს იმ ადამიანს, ვისთანაც მივდიოდი უკრაინაში. მომასმენინეს საუბარი, სადაც ის ამბობდა, რომ თურმე მე იქ ჩავდიოდი სამუშაოდ და “მალიარად” უნდა მოვწყობილიყავი, მაგრამ მე თვითონ იმ ადამიანთან არ დამალაპარაკეს, ამიტომ არ ვიცი, ვინ იყო ის ადამიანი, მართლა იყო თუ არა ის, ვისთანაც მე ჩავდიოდი. მითხრეს, გვატყუებო და დამაპატიმრეს. ორი დღე ვიყავი აეროპორტში, რაღაც კამერაში, იმ ორ ქართველთან ერთად. არც საჭმელი მოუციათ, არც სასმელი, 24 საათში ერთხელ თუ მოგვაკითხავდნენ. ბოლოს იმ მიზეზით, რომ თურმე მე იქ სამუშაოდ ჩავდიოდი, დეპორტი ჩამირტყეს და ქვეყანაში შესვლა ამიკრძალეს 3 წლით”, – აცხადებს იგი ჩვენთან საუბარში და დასძენს, რომ მან დღემდე არ იცის, ვინ იყო ის ადამიანი, ვისი ხმაც აეროპორტში მოასმენინეს.

 

გაბეჩავა ამბობს, რომ აღნიშნული გასაუბრების დროს მას პოლიტიკის შესახებაც ჩამოუგდეს სიტყვა:

 

“მერე ისიც მითხრეს, რომ მაიდანზე ქართული დროშებით დარბიანო და შენ ოპოზიციის დასახმარებლად ხომ არ მიდიხარო. სამუშაო არ არის ახლა და საერთოდ რატომ ჩამოხვედიო”.

 

უკრაინაში საქართველოს კონსული კონსტანტინე საბიაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ გაბეჩავას საკითხზე იგი დონეცკში საქართველს საკონსულოს დაუკავშირდება და გაარკვევს, რასთან გვაქვს საქმე. თვითონ გაბეჩავა კი აპირებს, რომ უკრაინის საელჩოს დაუკავშირდეს და დეპორტის გაუქმება მოითხოვოს. იგი აცხადებს, რომ უკრაინაში ბიზნესის საქმეზე მიდიოდა. საუბარია ციტრუსების უკრაინაში სარეალიზაციოდ შეტანის საკითხზე, რაზეც ერთ–ერთ იქაურ ადგილობრივთან უნდა ემსჯელა.

 

“გაურკვეველი მიზეზით ჩემი პასპორტი არ მოეწონათ. ასეთივე მდგომარეობაში იყო 20–მდე მგზავრი. მე პირადად შემაყოვნეს 1 საათით და ამიტომაც დავაგვიანე ოდესის რეისზე (თვითმფრინავზე)”, – ამბობს მამუკა ყუფარაძე, “სტუდია რე”–ს ხელმძღვანელი, რომელიც უკრაინას გასული წლის ბოლოს სტუმრობდა, თუმცა დასძენს, რომ გულში წყენა არ დაუტოვებია:

 

“სასაზღვრო ოფიცერმა ბოდიში მომიხადა. კომპენსაციად აეროპორტში შესაბამისმა ავიახაზებმა უზრუნველმყო სასტუმროთი, ტრანსპორტის მომსახურებით სასტუმრომდე წინ და უკან. ცხელი კვებით საღამოსა და დილით, სასტუმროს რესტორანში”.

 

ტელეკომპანია “რუსთავი 2”–ის ჟურნალისტი დათო კაკულია კი “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ კიევის ბორისპოლის აეროპორტში გასვლის საშუალება არც მას მისცეს, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში ჟურნალისტური საქმიანობით, საპროტესტო აქციების გასაშუქებლად მიდიოდა:

 

“მითხრეს, რომ უნდა გავყოლოდი სასაზღვრო პუნქტში არსებულ სპეციალურ ოთახში, რომელსაც დაკითხვის ოთახს ეძახიან, სადაც გასაუბრება ხდება. წაიღეს ჩემი პასპორტი. დაახლებით 30 წუთი ველოდე და როდესაც ვუთხარი, რომ ჟურნალისტი ვიყავი და მოვლენების გასაშუქებლად შევდიოდი კიევში, მითხრეს, რომ ჩემზე კარგად იცოდნენ ვინც ვიყავი და რომ მე მაქვს აკრძალული უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა. როცა მიზეზი ვიკითხე, მითხრეს, რომ ეს გადაწყდა ზევით, სად ზევით? სასაზღვრო პუნქტის ხელმძღვანელმა ფურცელზე დაწერა: უკრაინის უშიშროების სამსახური. 2014 წლის 8 დეკემბრამდე მე უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა აკრძალული მაქვს”, – ამბობს დათო კაკულია და დასძენს, რომ მისთვის დამატებით არაფერი განუმარტავთ და მან ივარაუდა, რომ მოხვდა იმ “შავ სიაში”, რომელიც “რეგიონების პარტიის” ერთ–ერთმა წევრმა შეადგინა და უშიშროების სამსახურს რეკომენდაციის სახით წარუდგინა:

 

“მე როგორც მივხვდი, ეს უკავშირდება იმ შავ სიას, რომელიც რეგიონების პარტიის დეპუტატმა ცარევმა შეადგინა, სადაც მოხვდნენ ყოფილი პრეზიდენტი, ამერიკელი სენატორები, სულ 170–მდე ადამიანია შესული. შემდეგ, როცა ჩავწერეთ სატელეფონო კომენტარი ამ ცარევთან, მან მითხრა, რომ ჩვენ შემჩნეულები ვიყავით მასობრივი არეულობების ორგანიზებაში და კლიჩკოს და სხვა ლიდერებს ვასწავლიდით, როგორ მოეწყოთ რევოლუცია.  ადგილზე საკმაოდ ოპერატიულად მოვიდა ჩვენი კონსული. ის ეცადა პრობლემის მოგვარებას, თუმცა თქვა, რომ ეს პრობლემა სასაზღვრო პუნქტში ვერ გადაწყდებოდა. მანაც ნაწილობრივ დამიდასტურა, რომ ეს უკავშირდებოდა იმ დეპუტატის სიას”.

 

უკრაინაში საქართველოს კონსული კონსტანტინე საბიაშვილი ადასტურებს, რომ ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების შესვლის თვალსაზრისით არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მათაც აქვთ, თუმცა რეაგირებაც ადეკვატურად ხდება:

 

“რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს ცნობილია. არის ამის შესახებ ინფორმაცია. მოქალაქეები გარკვეული პერიოდულობით მოგვმართავენ და ითხოვენ დახმარებას. არის ისეთი შემთხვევები, როდესაც ისინი ვერ გადიან გასაუბრებას უკრაინის ტერიტორიაზე შემოსვლისას”, – აცხადებს იგი და უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოს მოქალაქეებს უკრაინაში შესვლის პრობლემა ქვეყანაში მიმდინარე პროდასავლური და ანტისამთავრობო აქციების გამო ექმნებათ. მისი თქმით, უკრაინას აქვს რეადმისიის ხელშეკრულება ევროკავშირთან, რაც გარკვეულ რეგულაციებს ქმნის იმ ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომლებიც უკრაინას ევროკავშირისკენ ტრანზიტულ ზონად იყენებენ. ამასთან, კონსულის თქმით, 2013 წლის დეკემბერში ძალაში შევიდა დადგენილება, რომელიც ქვეყანაში შესვლის მსურველებს სათანადო ფინანსური გარანტიების ქონას ავალდებულებს.

 

“ევრომაიდანათან დაკავშირებით შეიძლება ჰქონდეთ გარკვეული გამკაცრებული რეჟიმი,  მაგრამ ეს ჩვენს სამუშაო რეჟიმზე არ ასახულა. ეს არის ჩვეულებრივი სასაზღვრო რეგულაციები. პოლიტიკურ ჭრილში შეფასებას არ გავაკეთებ. ყოველ შემთხვევაში, სტატისტიკა მომართვების არ გაზრდილა”, – აცხადებს კონსული.

 

მოსაზრებას იმის შესახებ, რომ უკრაინაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების გამო საქართველოს მოქალაქეებს ამ ქვეყანაში შესვლის პრობლემები ექმნებათ, არც თბილისში უკრაინის საელჩოში ეთანხმებიან. საელჩოში ეს ინფორმაცია უარყვეს:

“ჩვენთვის არავის უთქვამს საქართველოში, რომ რაღაც პოლიტიკური მიზეზების გამო უკრაინაში შესვლის პრობლემა გაუჩნდათ. არ ვიცი, რა გიპასუხოთ”, – აცხადებენ საელჩოს პრესსამსახურში და დასძენენ, რომ ყველა მოქალაქე, რომელიც უკრაინის საზღვრის გადაკვეთას ვერ მოახერხებს, იღებს განმარტებით დოკუმენტაციას, სადაც ახსნილია შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების მიზეზები.

 

კახა გოგოლაშვილი კი დარწმუნებულია, რომ საქართველოს მოქალაქეების მიმართ ხსენებული რეგულაციები განსაკუთრებით არის გამკაცრებული, რადგან მისი თქმით, უკრაინის სამთავრობო უწყებებმა კარგად იციან, რომ საქართველოში განსაკუთრებით უჭერენ მხარს უკრაინის ევროპულ არჩევანს, ამიტომ კიევი ამის მასობრივ პროცესად ქცევის პრევენციას ცდილობს:

 

“მაიდანზე ხშირი იყო ქართველების გამოსვლები, ქართული დროშებიც ფრიალებდა. ეს ყველაფერი იწვევს ოფიციალური კიევის გაღიზიანებას”, – ამბობს იგი.

აქცია უკრაინის საელჩოსთან, ფოტო ნეტგაზეთის არქივიდან
აქცია უკრაინის საელჩოსთან, ფოტო ნეტგაზეთის არქივიდან

 

პოლიტოლოგის თქმით, ჯერჯერობით ნაადრევია იმაზე საუბარი, შესაძლოა თუ არა, რომ ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური ურთიერთობები დაიძაბოს:

 

“ჯერჯერობით ასეთი პირი არ უჩანს, თუმცა გააჩნია როგორ განვითარდება მოვლენები თვითონ უკრაინაში. ამ მომენტში სიტუაცია იძლევა იმის საშუალებას, რომ ძალიან ცალსახა განცხადებები არ გაკეთდეს, არ დაიგმოს რაღაცები და სანქციებზე არ იყოს საუბარი”, – აცხადებს გოგოლაშვილი და დასძენს, რომ თუ კიევში ვითარება უკიდურესად დაიძაბება და საქართველოს ხელისუფლება იძულებული იქნება, რომ შეუერთდეს საერთაშორისო პროტესტს იანუკოვიჩის ხელისუფლების მიმართ, მაშინ შეიძლება დიპლომატიური გართულებაც მოჰყვეს.

შეგახსენებთ, რომ კიევში საპროტესტო აქციების მხარდასაჭერად იმყოფებოდა საქართველოს ექსპრეზიდენტი და რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატი. უკრაინაში განვითარებული მოვლენების შესახებ განცხადება მიიღო საქართველოს პარლამენტმა, ხოლო საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ევრომაიდნის სოლიდარობის რამდენიმე აქცია გაიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი