ახალი ამბები

ენერგეტიკის სამინისტრო ხუდონჰესზე ომბუდსმენის განცხადების გამო გაკვირვებულია

4 თებერვალი, 2014 •
ენერგეტიკის სამინისტრო ხუდონჰესზე ომბუდსმენის განცხადების გამო გაკვირვებულია

 

“ენერგეტიკის სამინისტრო გაკვირვებას გამოხატავს სახალხო დამცველის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელშიც მითითებულია, რომ ენერგეტიკის სამინისტრომ სახალხო დამცველთან და სვანეთის მოსახლეობასთან ხუდონჰესის პროექტით შესახებ შეხვედრაზე უარი განაცხადა. უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ ოფიციალური მომართვა სამინისტროსთან შეხვედრის ორგანიზების მიზნით სახალხო დამცველის აპრატიდან არ ყოფილა.

 

ხაზგასასმელია, რომ ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლები რეგულარულად ატარებენ შეხვედრებს ყველა დაინტერესებულ მხარესთან არა მხოლოდ ხუდონჰესის, არამედ ყველა სხვა მნიშვნელოვანი პროექტის ირგვლივ. სამინისტრო მიესალმება და ყოველთვის მზადაა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები კონსტრუქციული დიალოგის და კომპეტენტური მსჯელობის ფორმატში იქნეს განხილული, რისიც არაერთი მაგალითი უკვე არსებობს. აგრეთვე, გულისტკივილით გვინდა აღვნიშნოთ სახალხო დამცველის მკვეთრად გამოხატული პირადი პოზიცია სოციალურ ქსელებში ამ პროექტთან დაკავშირებით, ვინაიდან მას, სამწუხაროდ, წინ არ უძღვის სახალხო დამცველს და ენერგეტიკის სამინისტროს შორის კონსულტაციები, რისი მზადყოფნაც, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, ყოველთვის გაგვაჩნია.

 

ენერგეტიკის სამინისტრო წარმოადგენს ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის განმახორციელებელ ორგანოს და მისი გადაწყვეტილება ქვეყნისთვის ისეთი მნიშვნელობის პროექტების განხორციელების თაობაზე, როგორიც არის ხუდონჰესი, მხოლოდ სათანადო კვლევების, შესწავლის, ანალიზის და კომპეტენტურ მხარეებთან კონსულტაციების შედეგად მიიღება. გვსურს შევახსენოთ სახალხო დამცველს, როგორც საჯარო პირს – დაუშვებელია მოუმზადებელი და საფუძველს მოკლებული განცხადებების გაკეთება ისეთი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტზე, როგორიც ხუდონჰესია. ენერგეტიკის სამინისტრო კიდევ ერთხელ მზადყოფნას გამოთქვამს ხუდონჰესის პროექტის ირგვლივ აწარმოოს და გამართოს ობიექტური, სამართლიანი და კონსტრუქციული დისკუსია, როგორც სახალხო დამცველის, ასევე, ყველა სხვადაინტერესებული პირის მონაწილეობით”, – ნათქვამია ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებაში.

 

განცხადება, რომელსაც ენერგეტიკის სამინისტრომ უპასუხა, სახალხო დამცველმა დღეს გაავრცელა:

 

“სახალხო დამცველი ხუდონჰესის მშენებლობის თემაზე პროცესის კონსტრუქციული მოგვარებისა და დიალოგის დაწყების მომხრეა, აქედან გამომდინარე ომბუდსმენმა ხაიშის მოსახლეობასთან გუშინდელი შეხვედრის შემდეგ, სვანეთისა და ხაიშის წარმომადგენლებს ინვესტორთან და ენერგეტიკის სამინისტროსთან შეხვედრის ორგანიზებას დაპირდა, თუმცა თხოვნის მიუხედავად სამინისტრომაც და ინვესტორმაც სახალხო დამცველთან და სვანეთის მოსახლეობის წარმომადგენლებთან შეხვდრაზე უარი განაცხადეს. 

ქართული საზოგადოებისთვის ცხადია, რომ, ერთი მხრივ, სვანეთის საზოგადოებისა და ხაიშის თემის, ხოლო, მეორე მხრივ, ენერგეტიკის სამინისტროსა და ინვესტორი კომპანიის  პოზიციები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან და ეს რადიკალიზაციის პროცესი უფრო და უფრო ღრმავდება. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ხუდონჰესის საკითხი ადამიანის უფლებების სრული დაცვითა და მხარეთა შორის კონსტრუქციული დიალოგით უნდა გადაწყდეს. სახალხო დამცველის შეფასებით ენერგეტიკის სამინისტროსა და ინვესტორი კომპანიის (ტრანსელექტრკიკა ჯორჯიას ) უარი ხაიშის თემისა და სვანეთის საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრასა და მოლაპარაკებაზე ხელს შეუშლის წარმოქმნილი ვითარების განმუხტვასა და პროცესის ჯანსაღ გარემოში წარმართვას. 

სახალხო დამცველს ხაიშის მოსახლეობის წარმომადგენლებმა საკუთარი უფლებების დაცვის თხოვნით რამდენიმე თვის წინ მიმართეს განცხადებით. სახალხო დამცველის აპარატი უკვე რამდენიმე თვეა სწავლობს აღნიშნულ განცხადებას და ადამიანის უფლებების დაცვის უზუნველყოფის მიზნით რეგულარულ მონიტორინგს აწარმოებს მიმდინარე პროცესებზე. დეტალურ ანგარიშს ომბუდსმენი საზოგადოებას მარტში წარუდგენს”, – ამბობს ომბუდსმენი.

მასალების გადაბეჭდვის წესი