ახალი ამბები

ჰოლივუდი ფილმის გადაღებას გეგმავს – ტაილანდის მღვიმესთან უკვე ჩავიდნენ პროდიუსერები

10 ივლისი, 2018 • 3638
ჰოლივუდი ფილმის გადაღებას გეგმავს – ტაილანდის მღვიმესთან უკვე ჩავიდნენ პროდიუსერები

ტაილანდის მღვიმესთან, სადაც 12 მოზარდისა და მათი მწვრთნელის სამაშველო ოპერაცია ცოტა ხნის წინ წარმატებით დასრულდა, ჰოლივუდელი პროდიუსერები ჩავიდნენ. ინფორმაციას Newsweek ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, ჰოლივუდის წარმომადგენლები ფილმის გადაღებას სამაშველო ჯგუფსა და ბავშვთა საფეხბურთო გუნდზე, მეტსახელად “გარეული ტახები”, აპირებენ. კინოკომპანია Pure Flix-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, მაიკლ სკოტის თქმით, ისინი დატბორილ მღვიმებში ჩარჩენილი ბავშვების გადარჩენის ისტორიას როგორც წარმატებულ ჰოლივუდურ ფილმს, ისე უყურებენ. მისივე თქმით, ფილმში მაღალი დონის კინოვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობას.

Newsweek-ის თანახმად, კომპანიის წარმომადგენლები არაერთხელ შენიშნეს ოპერაციის ჩატარების ადგილას. ისინი ცდილობდნენ გასაუბრებოდნენ არა მხოლოდ მაშველებს, არამედ გადარჩენილ ბიჭებსა და მათი ოჯახის წევრებს.

სამდღიანი სამაშველო ოპერაცია ტაილანდში დღეს, 10 ივლისს დასრულდა. როგორც ტაილანდის საზღვაო ძალები ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე წერს, მაშველებმა მღვიმიდან თორმეტივე ბავშვისა და მათი მწვრთნელის გამოყვანა შეძლეს. სპეციალისტები მუშაობას მხოლოდ ღამით წყვეტდნენ, რათა მღვიმეში განთავსებული ჟანგბადის კაფსულები აევსოთ.

ბავშვები და მათი მწვრთნელი მთის სიღრმეში, 4 კილომეტრის მანძილზე 18 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ისინი გამოქვაბულში მაშინ შევიდნენ, როდესაც ტერიტორია სრულიად მშრალი იყო. თუმცა, სეზონური წვიმების გამო წყლის დონემ მღვიმეში იმატა და დაკარგულებისთვის მისი დატოვება შეუძლებელი გახდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი