ახალი ამბები

პარტიების და არასამთავრობოების წარმომადგენლებმა ინტერფრაქციული ჯგუფის სხდომა დატოვეს

4 თებერვალი, 2014 •
პარტიების და არასამთავრობოების წარმომადგენლებმა ინტერფრაქციული ჯგუფის სხდომა დატოვეს



როგორც შეხვედრაზე ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა, “ნაციონალური მოძრაობა” და ქართული ოცნება” პრივილეგირებულ მდგომარეობაში არიან. გარდა ამისა, ბაღათურია აღნიშნავს, რომ საარჩევნო ბარიერი 50% უნდა იყოს:


“ჩვენი მოთხოვნა არის თანაბარი და სამართლიანი კონკურენტული საარჩევნო გარემო. ჩვენ მოვითხოვთ სამართლიან გარემოს საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებაში და მინიმუმ ერთი წარმომადგენელი უნდა ყავდეს ერთ საარჩევნო სუბიექტს საარჩევნო კომისიაში, რათა ხმების დათვლის დროს “ნაციონალურმა მოძრაობამ” და ქართულმა ოცნებამ” არ გაიყონ ჩვენ მიერ აღებული ხმები. ჩვენ ასევე მოვითხოვთ თანაბარ მდგომარეობას მედიასაშუალებებში უფასო სარეკლამო დროის ლიმიტთან დაკავშირებით. ან “ნაციონალურმა მოძრაობამ” და ქართულმა ოცნებამ” უარი თქვან იმ პრივილეგიაზე, ან ჩვენც მოგვცენ იგივე რაოდენობის ლიმიტი. ასევე, ქალაქის მერი ან გამგებელი რომ გახდეს ადამიანი, მას მოსახლეობის ნახევარმა მაინც უნდა დაუჭიროს მხარი. უკვე პარაზიტად გადაქცეული ინსტიტუტი, რომელსაც მაჟორიტარული ინსტიტუტი ჰქვია, უნდა გაუქმდეს და მის ნაცვლად შემოვიღოთ მრავალმანდატიანი ოლქები. ჯერჯერობით არც ერთ საკითხზე პასუხი არ გვაქვს და დღეს იქნება ჩემთვის სიგნალი, ხელისუფლება საერთოდ მკვდარია რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით, თუ რაიმე პატარა ნაბიჯის გადადგმის სურვილი მაინც აქვს.”

 

მოგვიანებით ბაღათურიამ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა, ჟურნალისტებთან კი ეს გადაწყვეტილება შემდეგნაირად ახსნა:


“ხელისუფლება საარჩევნო რეფორმის არც ერთ საკითხთან დაკავშირეიბთ აღმოჩნდა მომზადებული. დაიწყეს სააკაშვილის მეთოდის გამოყენება, მეათეხარისხოვანი თემების შემოგდება, და უნდოდათ, რომ ჩვენ დემოკრატიის ბუტაფორიის ფუნქცია შეგვესრულებინა. ჩვენ დავტოვეთ სხდომა და ველოდებით მათ წინადადებებს, ინტერფრაქციულ ჯგუფს არ ვტოვებთ, მაგრამ ასეთ მასკარადებში მონაწილეობა ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია. ახლა შემოიტანეს თემა, საინიციატივო ჯგუფმა შეიძლება თუ არა,  რომ დააყენოს მაჟორიტარი დეპუტატის ან გამგებლის კანდიდატურა. ეს არის მთავარი რეფორმა?”

 

 

პარტიებიდან პროტესტის ნიშნად სხდომა “ქრისტიან-დემოკრატების”, “ახალი მემარჯვენეების”, “თავისუფალი საქართველოს”, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციებიდან “საერთაშორისო გაჭვირვალობა-საქართველოს” და  “სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენელმა დატოვეს. “სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენელი ნინო ჯანაშიას თქმით, ხელისუფლება მათ წინადადებებს არ ითვალისწინებს:

 

“გადავწყვიტეთ, რომ ჩვენს დარჩენას აზრი არ ჰქონდა, რადგან ჩვენი შეთავაზებული ყველა ცვლილება პროექტში სხვანაირად იყო ასახული. რამდენიმე პრინციპული წინადადება გვქონდა, ეს ეხებოდა მრავალმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებს, 50%-იან ბარიერს მერების და გამგებლების არჩევისას, ეხებოდა უნდობლობის პროცესის არარსებობას. დისკუსიაც კი არ ყოფილა ამის შესახებ.”

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ მხარეები ბევრ საკითზე ვერ ჯერდებიან. მისივე მოსაზრებით, ამ ეტაპზე მთავარი კანონების ერთმანეთთან შესაბამისობაში მოყვანაა:


“რაღაც საკითხებზე შევჯერდით, უფრო მეტზე ვერ შევჯერდით. მოთხოვნები, რომლებიც დღეს გაჟღერდა არაკვალიფიციური საარჩვნო პარტიებისთვის, ამ კოდექსში გათვალისწინებული არ არის. ამაზე ვიმსჯელებთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც საარჩევნო კოდექსს შესაბამისობაში მოვიყვანთ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსთან. ამ თემებზე საუბარს ჩვენ გავაგრძელებთ. ჩვენს კოლეგებს ამ საკითხებზე პასუხს გავცემთ ისეთს, როგორზეც კოალიცია შეთანხმდება. თუმცა შეიძლება ეს ისეთი პასუხი არ იყოს, როგორც მათ წარმოუდგენიათ,”- აღნიშნავს ძიძიგური. 

 

საპარლამენტო უმცირესობის წევრი კაკო ბობოხიძე მიიჩნევს, რომ “ქართული ოცნება” წინა ხელისუფლების დროს მიღებულ საარჩევნო კოდექსს “ნაციონალურ მოძრაობაზე” უფრო იცავს:


“დღევანდელი ხელისუფლება, რომელიც ოპოზიციაში ყოფნის დროს კატეგორიულად გვთხოვდა რაღაც ნაბიჯების გადადგმას, დღეს გაცილებით მეტი არგუმენტის მოყვანით ცდილობს შეინარჩუნოს ის საარჩევნო სისტემა, რომელიც გვქონდა “ნაციონალური მოძრაობის” დროს და თუ ჩვენ დროს არ ჭირდებოდა ფული და დიდი დრო ბიომეტრიულ პასპორტებს, ახლა რატომ სჭირდება?”

მასალების გადაბეჭდვის წესი