ამის შესახებ განცხადებას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
“ქართული საზოგადოებისთვის ცხადია, რომ, ერთი მხრივ, სვანეთის საზოგადოებისა და ხაიშის თემის, ხოლო, მეორე მხრივ, ენერგეტიკის სამინისტროსა და ინვესტორი კომპანიის პოზიციები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან და ეს რადიკალიზაციის პროცესი უფრო და უფრო ღრმავდება. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ხუდონჰესის საკითხი ადამიანის უფლებების სრული დაცვითა და მხარეთა შორის კონსტრუქციული დიალოგით უნდა გადაწყდეს. სახალხო დამცველის შეფასებით ენერგეტიკის სამინისტროსა და ინვესტორი კომპანიის (ტრანსელექტრკიკა ჯორჯიას ) უარი ხაიშის თემისა და სვანეთის საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრასა და მოლაპარაკებაზე ხელს შეუშლის წარმოქმნილი ვითარების განმუხტვასა და პროცესის ჯანსაღ გარემოში წარმართვას,”- წერია ომბუდსმენის განცხადებაში.
სახალხო დამცველს ხაიშის მოსახლეობის წარმომადგენლებმა საკუთარი უფლებების დაცვის თხოვნით ომბუდსმენს რამდენიმე თვის წინ მიმართეს განცხადებით. სახალხო დამცველის აპარატი უკვე რამდენიმე თვეა სწავლობს აღნიშნულ განცხადებას.
ოფიციალური ინფორმაციით, დეტალურ ანგარიშს ომბუდსმენი საზოგადოებას მარტში წარუდგენს.