გადასახადის დარიცხვის ახალი წესის მიხედვით, კომპანიის წარმომადგენელი მრიცხველის ანათვალს სამ თვეში ერთხელ აიღებს , ხოლო შუალედურ პერიოდში (ორი თვის მანძილზე) გადასახადი კონკრეტულ აბონენტს თავისი საშუალო ხარჯის მიხედვით დაერიცხება.
კვარტლის ბოლოს, როდესაც კომპანიის წარმომადგენელი მრიცხველის რეალურ ჩვენებას დააფიქსირებს, მრიცხველის ჩვენების შესაბამისად, საშუალო ხარჯის მიხედვით დარიცხული თანხის კორექტირება მოხდება.
კომპანიამ პროექტზე მუშაობა 4 თვის წინ დაიწყო და მიაჩნია, რომ დარიცხვის ახალი წესი აბონენტებს “წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურების საფასურის დარიცხვის გაცილებით მოქნილ და ცივილიზებულ ფორმას სთავაზობს”.
დღეიდან, 4 თებერვლიდან კომპანიამ გამრიცხველიანებულ აბონენტებთან ხელშეკრულებები გააფორმა. პარალელურად ამოქმედდა ინტერნეტ-პორტალი – mygwp.ge, რომელზეც წვდომის შესაძლებლობა ხელშეკრულების მქონე თითოეულ აბონენტს მისთვის მინიჭებული უნიკალური პაროლის მეშვეობით შეეძლება.
სისტემაში შესასვლელი პაროლი ხელშეკრულებაში მითითებულ მობილურ ნომერზე გაიგზავნება. კომპანია ამტკიცებს, რომ მომხმარებლის მონაცემების კონფიდენციალობა მაქსიმალურად იქნება დაცული, განახლებულ პაროლს კი აბონენტი ყოველთვიურად მიიღებს.
“პორტალის მეშვეობით „შეფასებითი დარიცხვის“ მქონე აბონენტები შეძლებენ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ ონლაინ-რეჟიმში დაუკავშირდნენ და მრიცხველის რეალური ჩვენება გაუგზავნონ, რომელიც კომპანიის ბილინგის სისტემაში ავტომატურად აისახება. შედეგად, აბონენტის მიერ მითითებული მრიცხველის ჩვენების შესაბამისად, მოხდება დარიცხული თანხის კორექტირება”,- აცხადებს Georgian Water and Power.