ივანიშვილის თქმით, მოქალაქე ნიშნავს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ორგანიზებულ ინდიდვიდს. ყოფილი პრემიერის განცხადებით, საქართველოს საზოგადოების დიდი პრობლემა იყო ის, რომ ვერ ისწავლა ხელისუფლების დაქირავება და შემდგომში მისი კონტროლი.
“ჩვენ უნდა ვისწავლოთ კარგად, როგორ უნდა ვიქირავოთ ხელისუფლება, ვინ ავირჩიოთ და რატომ”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისი თქმით, საზოგადოებამ არჩევანი არ უნდა გააკეთოს ხელმოცარულ პოლიტიკოსებზე და არც “დიმიტრი გელოვანის ძიებაში” უნდა იყოს:
“შეიძლება ვერ იყოს გელოვანი, ზეადამიანი, მაგრამ არსებული რეალობიდან უნდა გავაკეთოთ ღირსეული არჩევანი”, – განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით, საზოგადოებამ უნდა ისწავლოს ხელისუფლების კონტროლი, ჩართვა ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში.
“ასეთი პასუხისმგებლობით გამსჭვალული და გააზრებული მოქალაქე შეძლებს სწორად აირჩიოს და აკონტროლოს ხელისუფლება. “მოქალაქე”, რომელიც დავაფუძნე, მისი ძირითადი დანიშნულება იქნება, რომ საზოგადოებას დაეხმაროს დაქირავნობის უნარ-ჩვევების გაზრდაში”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, მისი ახალი ორგანიზაციის ერთ-ერთი პირველი რიგის დანიშნულება იქნება ის, რომ დაეხმაროს მედიას, ტრენინგების, კვალიფიკაციის ამაღლების და გადამზადების პროცესში.
“ასევე, დაგეგმილი გვაქვს ახალი ანალიტიკოსების მომზადების დაფინანსება”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.







