საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესატაშეს, ოთო გიორგაძის თქმით, ფედერაციას არ აქვს სურვილი, რომ თემურ ქეცბაიასთან დადებული კონტრაქტი გააუქმოს. ქეცბაიასა და ფედერაციას შორის დადებული კონტრაქტი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებიამდე მოქმდებს.
“[ხელშეკრულების გაუქმების] სურვილი არც გვქონია. ფეხბურთის ფედერაცია აგრძელებს საქმიანობას თემურ ქეცბაიასთან და გადაიხდის მის ხელფასს”,- განაცხადა ოთო გიორგაძემ.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა 28 იანვარს ფეხბურთის ფედერაციას წერილით მიმართა, რომ წელიწადში 2.5 მილიონი ლარის გადახდა, რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი თემურ ქეცბაია იღებს, სამინისტროსთვის მიზანშეწონილი არაა.
“ჩვენ შორის შემდგარი არაერთი შეხვედრის დროს გაჟღერებული იქნა სახელმწიფოს პოზიცია მიმდინარე ეტაპზე ეროვნული ნაკრებისთვის მაღალანაზღაურებადი მწვრთნელის მიუღებლობის შესახებ”,- წერია განცხადებაში.
მინისტრის თქმით, უმჯობესია მეტი ყურადღება დაეთმოს რეგიონული ფედერაციებისა და და ახალგაზრდული ნაკრებების დაფინანსებას. ასევე, მინისტრი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს იმას, თუ რამდენად ობიექტურად აფასებს ფეხბურთის ფედერაცია მწვრთნელების მუშაობას.
“გვაქვს საფუძველი დავასკვნათ, რომ ადგილი აქვს სუბიექტურ და უსისტემო მიდგომას საკითხისადმი. ეს კი
მიუღებელია ნებისმიერ შემთხვევაში, მით უფრო, როდესაც საკითხი საბიუჯეტო თანხების ხარჯვას ეხება”- ნათქვამია მინისტრის განცხადებაში.
ოთო გიორგაძის განმარტებით, ქეცბაიას ანაზღაურებას ფეხბურთის ფედერაცია სხვა წყაროებიდან მიღებული შემოსავლებით გადაიხდის, ხოლო სამინისტროს დაფინანსება ეროვნული ჩემპიონატის განხორციელებას მოხმარდება.
“თანხა, რომელიც გამოყოფილი იყო სახელმწიფო სუბსიდიის ფარგლებში კონკრეტულად ხელფასისთვის, მოხმარდება საქართველოს ჩემპიონატს. ეს გადაწყვტილება ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო. ფედერაცია სახელმწიფო საბიუჯეტო ორგანიზაცია არ არის, თუმცა ბიუჯეტიდან ფინანსდება. სახელმწიფო აფინანსებს სპორტის სახეობებს გარკვეული თანხით, თუმცა ის არ არის მთლიანი დაფინანსება ფეხბურთის ფედერაციის”,- ამბობს გიორგაძე.







