ახალი ამბები

სამხრეთ კორეა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს ამარტივებს – საელჩო

9 ივლისი, 2018 • 8666
სამხრეთ კორეა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს ამარტივებს – საელჩო

კორეის რესპუბლიკის (სამხრეთ კორეა) იუსტიციის სამინისტროსთან და საიმიგრაციო სამსახურთან  ბოლო პერიოდში საელჩოს მიერ ჩატარებული ინტენსიური მუშაობის შედეგად, კორეის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ორდინალური პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ. ამ ინფორმაციას კორეაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

“სავიზო რეჟიმის გამარტივება გულისხმობს საქართველოს მოქალაქეებისათვის 1-5 წლამდე მოქმედების ვადის მქონე მრავალჯერადი ვიზების გაცემას და ის შეეხება უმაღლესი განათლების მქონე პირებს და სხვადასხვა სფეროს (კერძო სექტორი, სამედიცინო და ა.შ.) წარმომადგენლებს”, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

სავიზო რეჟიმის გამარტივებამდე გაიცემოდა კორეის რესპუბლიკის ერთჯერადი და მაქსიმუმ ერთწლიანი ვიზა. აღსანიშნავია, რომ კორეის რესპუბლიკის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში წარსადგენი დოკუმენტების რაოდენობა გაცილებით შემცირდება და ვიზის საფუძველზე კორეაში ერთჯერადად ყოფნის ვადა გაიზრდება 30-დან 90 დღემდე.

“ახალი ტიპის, მრავალჯერადი და უფრო ხანგრძლივი ვიზები განსაკუთრებით გაუმარტივებს ბიზნესის, ტექნოლოგიების, განათლებისა და სხვა სფეროებში მოღვაწე საქართველოს მოქალაქეებს კორეელ პარტნიორებთან თანამშრომლობას და აგრეთვე ტურიზმის განვითარებას”.

რა დოკუმენტაციაა საჭირო კორეის რესპუბლიკაში ვიზის მისაღებად? – წაიკითხეთ აქ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი