ახალი ამბები

18 000 დათხოვნილი – სამსახურიდან გათავისუფლებათა ახალი ტალღა თურქეთში

9 ივლისი, 2018 • 2069
18 000 დათხოვნილი – სამსახურიდან გათავისუფლებათა ახალი ტალღა თურქეთში

თურქეთის სახელმწიფო სამსახურებიდან 18 000 ადამიანი დაითხოვეს. გათავისუფლებათა ახალი ტალღის ქვეშ სამხედროები, პოლიციელები, აკადემიკოსები და სხვები ივლისის გადატრიალების მცდელობიდან ორი წლისთავზე მოყვნენ.

ათასობით ადამიანის სამსახურებიდან დათხოვნის გარდა, ქვეყანაში კიდევ სამი გაზეთი და ერთი დამოუკიდებელი ტელეკომპანია დაიხურა, 12 არასამთავრობო ორგანიზაციას კი მუშაობა აეკრძალა.

პროცესები კვლავ გადატრიალების მცდელობას უკავშირდება, რომლის დროსაც, 2016 წლის 15 ივლისს სამხედროების ნაწილმა თურქეთის ხელისუფლების ხელში ჩაგდება სცადა. გადატრიალებაში მონაწილეობის მოტივით, გასული ორი წლის მანძილზე ერდოღანის მთავრობამ ათობით ათასი ადამიანი დააპატიმრა და სამსახურიდან გაათავისუფლა, ათეულობით არასამთავრობო და მედია ორგანიზაციის მუშაობა კი აიკრძალა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი თურქეთის პრეზიდენტად მეორე ვადით მიმდინარე წლის 20 ივნისს აირჩიეს. მან ხმათა 53% მიიღო.

ერდოღანი სწრაფად გეგმავს უმთავრესი დაპირების აღსრულებას, რაც თურქეთის საპრეზიდენტო მოდელზე გადასვლას გულისხმობს. ხელისუფლების აზრით, აღნიშნული ნაბიჯი ქვეყნის სამომავლო განვითარებისათვის ეფექტური იქნება. კრიტიკოსთა თქმით კი, საპრეზიდენტო მოდელი ერდოღანის მმართველობია პირობებში ავტორიტარიზმისა და ერთი ადამიანის მმართველობის სტილისაკენ გადადგმული ნაბიჯია.

მასალების გადაბეჭდვის წესი