ახალი ამბები

ზვიად კუპრავა: სასამართლოს სასადილოს ინციდენტზე ხვალ ბრალს წამიყენებენ

8 ივლისი, 2018 •
ზვიად კუპრავა: სასამართლოს სასადილოს ინციდენტზე ხვალ ბრალს წამიყენებენ

ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორის, ზვიად კუპრავას განცხადებით, 9 ივლისს, 12:00 საათზე, ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში დაიბარეს, სადაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სასადილოს ინციდენტთან დაკავშირებით ბრალს წაუყენებენ.

“მაშინ როცა უბრალო ადამიანები, არასამთავრო სექტორი, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი და თითქმის ყველა გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია დღევანდელ ქართულ მართლმსაჯულებას “აგინებს”, მასში კორუფციულ და კლანურ მართველობაზე პირდაპირ მიუთითებს… თურმე მხოლოდ მე ავღმოჩნდი მსოფლიოში ერთადერთი პირი, რომელმაც ამ უსამართლო ქართულ სასამრთლოს მივაყენე შეურაცხყოფა.

როგორც ჩანს, ივანიშვილი ვერ ეგუება ჩემს თავისუფლებას… მან ზუსტად იცის, რომ ჩემი გრეთ ყოფნა მისი მმართველობის ხანმოკლეობის პირდაპირ პროპორციულია, ამიტომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო!” – აცხადებს ზვიად კუპრავა.

სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელი მოუწოდებს მეგობრებს, გულშემატკივრებს და თანამოაზრეებს, ხვალ, 12 საათზე, ყველა მივიდნენ ვაკე-საბურთალოს სამმართველოსთან: “დავდგეთ ყველა ერთად სისტემის წინააღმდეგ!”

მოკლედ:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 12 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სასადილოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო 28 ივნისს დაიწყო.

იმ შემთხვევაში, თუ კუპრავას დაუდასტურდება აღნიშნული ბრალი, მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისთვის სასარგებო შრომას ვადით ას ორმოციდან ორას ორმოც საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.

ზვიად კუპრავა რამდენიმე კვირის წინ ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე დააკავეს და ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე შესვენება გამოაცხადა, რა დროსაც კუპრავა სასამართლოს სასადილოში ჩავიდა.

სასადილოში  ზვიად კუპრავას, ზაზა სარალიძესა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოხდა. ზვიად კუპრავას თქმით, პოლიციელებმა მათ საჭმლის ჭამა არ აცადეს და ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს – “დაგვალეწეს ყველაფერი თავზე”. სწორედ ამ ინციდენტს იძიებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი