უჩა ნანუაშვილის თქმით, კითხვის ნიშნები კომპანიის მიმართ ჩნდება, მაგალითად, ხაიშში მოსახლეობის ფართების რეგისტრაციის საკითხებში.
“ჩვემთვის გაუგებარია, მაგალითად, როგორც ხდება აზომვები და დარეგისტირება, თუკი უკვე გადაცემული აქვს [კომპანიას] ეს ფართები,”- აცხადებს ომბუდსმენი.
როგორც დღევანდელი შეხვედრის შემდეგ გაირკვა, სახალხო დამცველი ხელს შეუწყობს უახლოეს დღეებში შეხვედრას სვანეთის მოსახლეობის ნაწილის, ექსპერტებისა და კომპანია “ტრანს-ელექტრიკას” წარმომადგენლებს შორის.
“არ არის გამორიცხული, 6 თებერვალს [ხაიშში დაგეგმილი შეხვედრის დროს] ექსცესებს ჰქონდეს ადგილი, ვინაიდან მოუმზადებელია ეს [შეხვედრის] პროცესი. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია მეტეოპირობები. ვფიქრობ, დიალოგი მხარეებს შორის უნდა დაწყოს აქ,”- აცხადებს ნანუაშვილი.
მისივე განმარტებით, შეხვედრა, სავარაუდოდ, ხვალ, 4 თებერვალს შედგება და სასურველია, თუ მას ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლებიც დაესწრებიან.
დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილის, მირონ ფირცხელანის განმარტებით, დღევანდელ დახურულ შეხვედრაზე ომბუდსმენთან ხაიშში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრეს და ის დოკუმენტაცია განიხილეს, რომელიც მშენებარე ხუდონჰესის ჰიდროელექტროსაგურის ეკოლოგიურ და ენერგოუსაფრთხოების საკითხებს შეეხებოდა.
“ეს შეხვედრა იქნება ადამიანის უფლებებზე, რომ არ მოხდეს მოსახლეობაზე ზეწოლა და ძალისმიერი პოლიტიკა გამოირიცხოს. მოგეხსნებათ, ტრანს-ელექტრიკა 6 თებერვალს ხაიშში შეხვედრას მართავს. ეს იქნება ძალიან მძიმე შეხვედრა,”- განაცხადა ომბუდსმენთან შეხვედრამდე მირონ ფირცხელანმა.




