ახალი ამბები

სად ათენებენ ღამეს ჭუბერში დაზარალებული ოჯახები?

6 ივლისი, 2018 • 1771
სად ათენებენ ღამეს ჭუბერში დაზარალებული ოჯახები?

ოჯახები, რომელთაც ჭუბერში მომხდარი სტიქიის შემდეგ საცოხვრებელი სახლების დატოვება მოუწიათ, ღამეს მეზობელ ოჯახებში ათევენ. როგორც “ნეტგაზეთს” საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში განუცხადეს, მაშველები დაზარალებულებთან მუდმივ კონტაქტზე არიან.

“გუშინ ღამით ამ ადამიანებმა გაათენეს იმ სახლებში, რომლებიც არ არის მოქცეული რისკზონაში. დღესაც ასე იქნება. იქ ცხოვრობენ მოქალაქეები, რომელთა სახლებს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ჩვენ კი იმ სახლებზე ვსაუბრობთ, რომლებიც უშუალოდ კალაპოტთან ახლოსაა განთავსებული. შესაბამისად, მათ გამოყვანას, სადღაც კარვებში გადაყვანას და საველე პირობებში ცხოვრებას ჯობია და მათთვისაც უკეთესია, რომ სახლებში იცხოვრონ, რომლებიც არაა რისკზონაში.

მათთან არის მუდმივი კონტაქტი. მაშველები ყველა სოფელში არიან გადანაწილებულნი და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ზომები იქნება მიღებული. წყალი, საჭმელი, თუ რაც უნდა იყოს, ყველაფრით იქნებიან უზრუნველყოფილნი. ვიდრე ხიდი არ აღდგება, მდინარის აქეთ მხარეს გადმოსვლას ვერ შეძლებენ. თუმცა გარესამყაროს მოწყვეტილები არ არიან”, – აღნიშნავენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

“ნეტგაზეთის” ინფორმაციით, ამ დროისთვის 20-მდე ოჯახი ვერ ახერხებს სახლებში დაბრუნებას მდინარის კალაპოტთან სიახლოვის ან უშუალო დატბორვის გამო.

მდინარე ნენსკრას ძველ კალაპოტში დასაბრუნებლად სპეციალისტები მუშაობას განაგრძობენ. ადგილზე ასევე იმყოფებიან საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინჟინრები, რომელთაც წყლის მიერ წაღებული ხიდების მაგივრად დროებითი გადასასვლელები მოაწყვეს, რათა მოსახლეობას გადაადგილება გაუმარტივდეს.

სტიქია ჭუბერში – ყველა ფოტო და ვიდეო ერთად

მასალების გადაბეჭდვის წესი