ახალი ამბები

“ყაზტრანსგაზი” საკრებულოში მოქალაქეების უკმაყოფილების გამო დაიბარეს

3 თებერვალი, 2014 •
“ყაზტრანსგაზი” საკრებულოში მოქალაქეების უკმაყოფილების გამო დაიბარეს

დეპუტატი აცხადებს, რომ ბუნებრივი აირის გადასახადის გამო ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მას ათობით ადამიანმა მიმართა და დახმარება სთხოვა.

 

დეპუტატის თქმით, მოქალაქეები აცხადებენ, რომ მათ ბუნებრივი აირის გადასახადი ზამთრის პერიოდში გაორმაგებული მიუვიდათ, ხოლო “ყაზტრანსგაზ-თბილისის” განმარტება დეპუტატს დაუსაბუთებელი ეჩვენა. 

 

“ყაზტრანსგაზმა გაუაზრებელი  და აბსოლუტურად აუხსნელი განმარტება გააკეთა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ მივიდა მოსხლეობასთან გაორმაგებული გადასახადი. მე, როგორც საკრებულოს დეპუტატი, ვალდებული ვარ მოსახლეობას დაუდგე გვერდში  და დეტალურად გავერკვიო სიტუაციაში. მაინტერესებს, რატომ ხდება ეს გაუგებრობები მაინცდამაინც ზამთარში, როცა გაზის მოხმარება საკმაოდ დიდია და მოსახლეობას ისედაც  დიდი გადასახადის გადახდა უწევს“,- განაცხადა გიორგი მუსხელიშვილმა.

 

თბილისის საკრებულოს განცხადებით, თბილისელები რამდენიმე დღეა ბუნებრივი აირის გაორმაგებულ გადასახადს უკმაყოფილებას გამოთქვამენ. როგორც მოსახლეობა აცხადებს, მათ ქვითრებში ასახულია თვენახევრის ან ორი თვის ხარჯი, რაც მათ ფინანსურ პრობლემებს კიდევ უფრო ამძიმებს.

 

საკრებულოს ინფორმაციით, გიორგი მუსხელიშვილმა “ყაზტრანსგაზ-თბილისს“ ოფიციალური წერილი უკვე გაუგზავნა და კომპანიის ხელმძღვანელობა პრობლემის გადასაჭრელად საკრებულოში ხვალ დაიბარა.

მასალების გადაბეჭდვის წესი