სხდომის დაწყებამდე სასამართლოში ინციდენტი მოხდა. ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ნინო ბურჯანაძის და ვანო მერაბიშვილის მომხრეები, რომლებიც როგორც სდომათა დარბაზში, ასევე სასამართლოს შენობის გარეთ იმყოფებიან. დაკავებულია ნინო ბურჯანაძის “დემოკრატიული მოძრაობის” წარმომადგენელი. შსს–ში ერთი პირის დაკავების ფაქტს ადასტურებენ:
“ერთი პირია დაკავებული წვრილმანი ხულიგნობისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166–ე მუხლით. ახლა ვითარება არის მშვიდი. პოლიცია ადგილზე იმყოფება”, – აცხადებენ შსს–ს პრესსამსახურში.
დღეს ასევე დაიკითხება შს მინისტრის ყოფილი მოადგილე შალვა ჯანაშვილი. სხდომას ესწრება ვანო მერაბიშვილი. სასამართლო დარბაზში ასევე იმყოფებიან გიგი უგულავა, შოთა უტიაშვილი, დავით დარჩიაშვილი, პეტერე ცისკარიშვილი, გიგა ბოკერია.
ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილს 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლის საქმეზე ბრალი 2013 წლის 28 მაისს წაუყენეს. საბრალდებო დასკვნის მიხედვით, 2011 წლის 26 მაისს იმდროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, ივანე მერაბიშვილის უშუალო დავალებითა და ხელმძღვანელობით დაიგეგმა არა საპროტესტო აქციის დაშლის, ანუ მასში მონაწილე პირების შეკრების ადგილიდან პროპორციული ძალის გამოყენებით გაძევებისა და გაფანტვისათვის ორგანიზებული ლეგიტიმური ღონისძიება, არამედ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებზე ფართომასშტაბიანი და განურჩეველი თავდასხმა, რომლის გამოკვეთილი მიზანი იყო მათი მასობრივი დაკავება, დაშინება, დასჯა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზემოქმედების განხორციელება. მერაბიშვილი ცნობილ იქნა ბრალდებულად დამამძიმებელ გარემოებებში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით, რაც 5–დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამ საქმეზე სასამართლოში ჩვენებები უკვე მისცეს 26 მაისის აქცის სხვა ლიდერებმა- ნონა გაფრინდაშვილმა, ლუკა კურტანიძემ, სოსო ჯაჭვლიანმა.




