ახალი ამბები

შსს-მ ყალბი საკრედიტო ბარათების გამოყენების ბრალდებით 8 პირი დააკავა

3 თებერვალი, 2014 •
შსს-მ ყალბი საკრედიტო ბარათების გამოყენების ბრალდებით 8 პირი დააკავა

მათგან ორი საქართველოს მოქალაქეა:1975 წელს დაბადებული დიმიტრი წ. და 1966 წელს დაბადებული ზვიად წ., ხოლო 6 პირი უკრაინის – იური ხ, სერგი ტ, სტანისლავ დ, კონსტანტინ კ, რუსლან მ. და ვიქტორ რ. 

 

შსს-ს ინფორმაციით, დიმიტრი წ-ს უკრაინის მოქალაქე იური ხ. დაუკავშირდა, რომელმაც მის და მისი ხუთი თანამზრახველის სახელზე დამზადებული 47 ყალბი საკრედიტო ბარათი გადასცა და აუხსნა, რომ აღნიშნულ საკრედიტო ბარათებზე დატანილი იყო უკანონოდ მოპოვებული ინფორმაცია დიდი ბრიტანეთის მოქალაქეების საბანკო მონაცემებით.

 

გამოძიების ინფორმაციით, თანხები ე.წ. ჰაკერული გზით, უკანონოდ მოიხსნა დიდი ბრიტანეთის სხვადასხვა ბანკის 1137 პლასტიკური ვიზაბარათიდან და ინტერნეტ-გადახდის საშუალებით ინტერნეტ-კაზინოს 45 მომხმარებელს ჩაერიცხა. შემდეგ აღნიშნული თანხები ინტერნეტ-კაზინოს სხვა 11 მომხმარებლის ანგარიშებზე გადანაწილდა. იქიდან კი ფულის გადარიცხვა სხვადასხვა ბანკის ანგარიშებსა და საერთაშორისო ელექტრონულ ანგარიშებზე განხორციელდა.

 

შსს-ს ცნობით, ჯგუფის წევრებმა აღნიშნული სქემით დიდი ბრიტანეთის სხვადასხვა ბანკის მომხმარებლების ანგარიშებიდან 267 000 აშშ დოლარის ოდენობის თანხა მიითვისეს. დაკავებულებმა, ყალბი საკრედიტო ბარათების გამოყენებით, დიდი ბრიტანეთის მოქალაქეების ანგარიშებიდან უკანონოდ სულ 110 000 ლარის ოდენობის თანხა გაანაღდეს.

 

შსს აცხადებს, რომ დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყალბი საკრედიტო ბარათის დამზადების, გასაღების და გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

მასალების გადაბეჭდვის წესი