საპარლამენტო უმცირესობის წევრი პავლე კუბლაშვილი ამბობს, რომ ბევრი კომენტარის გაკეთება შეიძლება, თუმცა სერიოზული კომენტარი ჭირს. მისივე მოსაზრებით, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ხელისუფლება ივანიშვილის დავალებებს ასრულებს:
“ის, რომ მას არ აქვს კითხვები დღევანდელ ხელისუფლებასთან, არც ეკონომიკასთან, არც სოციალურ საკითხებთან, არც სხვა გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, იგივე სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რეალურად ეს მთარობა ივანიშვილის პირდაპირ დავალებებს ასრულებს. მე მეშინია, რომ ბატონმა ხადურმა დავალებად არ მიიღოს ის, რომ ინფლაციის წამახალისებელი ღონისძიებები გაატაროს იმიტომ, რომ, როგორც ივანიშვილმა განაცხადა, ინფლაცია კარგია ეკონომიკისთვის.”
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ჟორჟოლიანი მიიჩნევს, რომ ივანიშვილი ბევრ კარგ საქმეს განახორციელებს:
“მისი გადასვლა აქტიურ საზოგადოებაში და ხელშეწყობა იმის, რომ საზოგადოება აქტიურად ჩაერთოს კონსტრუქციულ და პასუხისმგებლურ საქმიანობაში, არა მხოლოდ კრიტიკანობაში, არამედ კონსტრუქციულ და პასუხისმგებლურ საქმიანობაში, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილის გამოცდილებისა და ავტორიტეტის მქონე ადამიანი აქტიურ როლს შეასრულებს აქ და ქვეყნის სასარგებლოდ ბევრ კარგ საქმეს განახორციელებს.”
“ჩემი ოცნება იყო თავისუფალი საქართველოს თავისუფალი მოქალაქეობა”, – ამ სიტყვებით გახსნა საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა თავისი ახალი არასამთავრობო ორგანიზაციის – “მოქალაქის” პრეზენტაცია დღეს სასტუმრო “რედისონში”.
ივანიშვილის თქმით, მოქალაქე ნიშნავს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ორგანიზებულ ინდივიდს. ყოფილი პრემიერის განცხადებით, საქართველოს საზოგადოების დიდი პრობლემა იყო ის, რომ ვერ ისწავლა ხელისუფლების დაქირავება და შემდგომში მისი კონტროლი.
“ჩვენ უნდა ვისწავლოთ კარგად, როგორ უნდა ვიქირავოთ ხელისუფლება, ვინ ავირჩიოთ და რატომ”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.



![84 დეპუტატი, ვინც „რუსულ კანონს“ მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა [სია]](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2024/05/Untitled-design-2-9.jpg)



