ახალი ამბები

ბათუმი-თბილისის მატარებელის შეფერხების გამო “საქართველოს რკინიგზამ” მოკვლევა დაიწყო

2 თებერვალი, 2014 •
ბათუმი-თბილისის მატარებელის შეფერხების გამო “საქართველოს რკინიგზამ” მოკვლევა დაიწყო

აღნიშნულის შესახებ “ნეტგაზეთს” “საქართველოს რინიგზის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა  დაჩი ცაგურიამ განუცხადა.

 

“გუშინდელ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა და მოკვლევის შემდეგ ცნობილი იქნება აბსოლუტურად ყველა მიზეზი, რამაც გუშინდელი დაგვიანება და ის პრობლემები გამოიწვია, რაც სამგზავრო მატარებელს შეექმნა. სხვადასხვა პრობლემები იყო და  მაგიტომაც მიმდინარეობს მოკვლევა, გუშინდელ ფაქტთან დაკავშირებით ჩვენ ყველა მგზავრს ვუხდით ბოდიშს, მაგრამ ასევე გადაჭარბებული იყო შეფასება, რომ  4 საათის განმავლობაში არ იყო გათბობა, რადგან მატარებელს გააჩნია თავისი სარეზერვო ელემენტები, რომელიც უზრუნველყოფს გათბობას და დენის მიწოდებას, რამაც იმუშავა, ცხადია, და ბოლო 20 წუთის განმავლობაში იყო პრობლემა, როდესაც ეს ენერგია ამოიწურა”- განაცხადა დაჩი ცაგურიამ.  

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ ბათუმი- თბილისის მიმართულების მატარებელს პრობლემები შეექმნა და მატარებელი რამდენიმე საათის განმავლობაში ზესტაფონსა და ხარაგაულს შორის იყო გაჩერებული. თბილისამდე მგზავრები დამხმარე მატარებლის მეშვეობით ჩამოიყვანეს:

 

“როგორც ამბობდნენ თავიდან, ძაბვის ვარდნის გამო მოხდა დაზიანება, 3 საათზე მეტი მოგვიწია ყოფნა. გაითიშა თავისთავად გათბობა, ბოლო ნახევარ საათზე მეტი შუქიც გათიშული იყო მატარებელში. შემდეგ სხვა მატარებელში გადავედით. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, მე პირადად მეხუთედ შემემთხვა მსგავსი ფაქტი”- განაცხადა “რუსთავი 2”-თან საუბრისას სულხან სალაძემ, რომელიც აღნიშნული მატარებლით მგზავრობდა. 

 

ამ დროისთვის უცნობია, როდის იქნება ცნობილი მოკვლევის შედეგები. 

მასალების გადაბეჭდვის წესი