ახალი ამბები

სუსი: მანგლისში კანალიზაციის სისტემის მოსაწყობი თანხა შემსრულებლებმა მიითვისეს

6 ივლისი, 2018 • 7893
სუსი: მანგლისში კანალიზაციის სისტემის მოსაწყობი თანხა შემსრულებლებმა მიითვისეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი და წამყვანი სპეციალისტი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ამავე საქმეზე  წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ შპს-ს „ფუძე“ დირექტორი, მშენებელი და ქვეკონტრაქტორი კომპანია- შპს „იმედის“ დირექტორი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ 2016 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა ტენდერი დაბა მანგლისში საკანალიზაციო სისტემის მოწყობის სამუშაოებზე. ტენდერში შპს “ფუძემ” გაიმარჯვა, რომელსაც აღნიშნული სამუშაოები 1 250 000 ლარად უნდა შეესრულებინა:

“შპს-ს „ფუძე“ დირექტორმა ილია ნ-მ, მშენებელმა ჯემალ მ-მ და ქვეკონრაქტორი კომპანიის შპს „იმედის“ დირექტორმა  იოსებ ტ-მ არასრულყოფილად შეასრულეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტთან გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, მათ წინასწარი შეთანხმებით, თანხების თაღლითურად მითვისების მიზნით ფარული სამუშაოების აქტებში და ფორმა N2-ებში შეიტანეს ყალბი მონაცემები, რის საფუძველზეც თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ თანხებს” – ვკითხულობთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სუს-ში აცხადებენ, რომ თავის მხრივ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გოჩა ლ-მ და ამავე სამსახურის სპეციალისტმა ალექსი მ-მ არაჯეროვნად შეასრულეს მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობა, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. უწყების განცხადებით, საერთო ჯამში, სახელმწიფოსათვის მიყენებულმა ზარალმა შეადგინა 114 814,17 ლარი.

მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტებზე, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

მასალების გადაბეჭდვის წესი