შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა გერმანიამ გარკვეული როლი ითამაშოს ქართულ-რუსული ურთიერთობების მოგვარების საკითხში, პრემიერმა უპასუხა:
“ზოგადად ახალი მთავრობის მიდგომას, რაც ჩვენ ღიად განვაცხადეთ, მე ვგულისმობ პირადპირი დიალოგის ფორმატს რუსეთთან. არა მხოლოდ გერმანია და განსაკუთრებით გერმანია, მე ვიტყოდი, მთლიანად ევროკავშირი და აშშ მიესალმება ამ მიდგომას. ის რადიკალური მიდგომა, რაც წინა ხელისუფლებას ჰქონდა რუსეთთან მიმართებაში, იყო აბსოლუტურად დამაზიანებელი და ისინი ამას ძალიან წუხილით აღნიშნავენ და იხსენებენ. რადიკალური მიდგომა იყო მხოლოდ და მხოლოდ საზიანო ჩვენი ქვეყნისთვის. მათგან გვაქვს სრული მოწონება ახალი პოლიტიკის რუსეთთან მიმართებაში. ისინი მხარ უჭერენ ამ მიდგომას. თქვენ ნახეთ, რომ რუსეთმაც დაიწყო კონსტრუქციული ნაბიჯების გადმოდგმა საქართველოსთან მიმართებაში. თუნდაც ის ფაქტი, რომ ეს აღნიშნა რუსეთის დუმის წარმომადგენელმა, ეს მიანიშნებს იმას, რომ ჩვენ უნდა მოვახდინოთ ურთიერთობის ნორმალიზება. რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის ვართ და დავრჩებით პრინციპულები მთავარ საკითხში, ეს არის ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები და, ბუნებრივია, ეს არის მთავრი საკითხი, რაზეც ჩვენ და რუსეთი უნდა შევთანხმდეთ. ამ მოლაპარაკებაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც გერმანიას, ისე მთლიანად ევროკავშირის როლს და აშშ-ის როლს და მიმაჩნია, რომ ამ მიმართულებით ჩვენ წინ უნდა წავიწიოთ”. – განაცხადა ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს მიუნხენში უსაფრთოების კონფერენცია დასრულდა. ქართული დელეგაცია ხვალ ბელგიის სამეფოს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ევროპის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის კომისართან, შტეფან ფულესთან, ევროკომისიის პრეზიდენტ ხოსე მანუელ ბაროსოსთან.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდება ევროსაბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპუის. ასევე დაგეგმილია შეხვედრა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ქეთრინ ეშტონთან. ბელგიის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი ნატოს გენერალურ მდივანს, ანდერს ფოგ რასმუსენს შეხვდება.