ილია მეორისთვის უნდა წარედგინათ მოსაზრება, თუ როგორ უნდა გამოიყენონ განწყობის თეორია შრომასთან მიმართებაში. შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინანდელი ქადაგება ილია მეორემ სრულად დაუთმო განწყობის თეორიას და მისი ძეგლის შექმნის ინიციატივითაც გამოვიდა:
” მე თქვენთან მქონდა საუბარი დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორიის შესახებ, რომ ყველაფერში განწყობაა საჭირო. ადამიანი რომ იწყებს საქმეს, უნდა განეწყოს, სულიერი და ფიზიკური ძალები მოიხვეჭოს. მე მოგეცით დავალება, რომ გეფიქრათ დაგეწერათ, როგორ უნდა იქნას განწყობის თეორია გამოყენებული შრომის მიმართ. აბა, ვინ იფიქრა და ვის აქვს დაწერილი ეს ნაშრომი?”- განაცხადა ილია მეორემ.
რამდენიმეწუთიანი დუმილის შემდეგ მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა კვლავ განაგრძო:
” არავის. ესე იგი ჩვენ ცოტა შორს ვართ შრომისაგან და ამიტომ მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ ამას. ჩვენ გვახასიათებს ზედმეტი განცხრომა, სიხარული, მწუხარება, ზომიერება ცოტა გვაკლია ჩვენ. ასევე ცოტა ყურადღება უნდა მივაქციოთ დროს. ჩვენ ვერ ვაქცევთ სათანადო ყურადღებას დროს, მისი ფასი არ ვიცით. მე გერმანიაში ვიყავი და თან მიკვირდა, თან მშურდა, როგორ აფასებენ დროს, პროფესორი, ექიმი თავის სამსახურს დილის 6-7 საათზე იწყებს. ვეკითხებოდი მას, როდის დგებით? 5-ის ნახევარზეო, რასც ვაკეთებ, შუადღემდე ვაკეთებო. ყველაზე ნაყოფიერი არის შუადღემდე გაკეთებული საქმე. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ადრე ადგომა და ადრე დაწოლა, ეს ძალიან ძნელია ჩვენთვის, მაგრამ საჭიროა ჩვენი ცხოვრებისათვის და მომავლისათვის. […] არ მგონია, რომ გამოუსწორებლები ვართ, აუცილებლად, ღვთის მადლით გამოვსწორდებით და ჩავდგებით კალაპოტში. უპირველეს ყოვლისა ჩემგან უნდა დავიწყოთ ეს გამოსწორება და მერე თქვენგან. ” – განაცხადა ილია მეორემ.




