ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრები მიუნხენში

1 თებერვალი, 2014 • • 1003
ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრები მიუნხენში

დღის განმავლობაში ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მთავრობის სხვა წევრებთან ერთად არაერთი შეხვედრა გამართა. ღარიბაშვილის შეხვედრა შედგა აშშ-ის თავდაცვის მდივან ჩაკ ჰეიგელთან. როგორც პრემირ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი,  საუბარი შეეხო საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების მიმდინარე მდგომარეობას და თანამშრომლობის პერსპექტივებს.

 

“განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებზე. ასევე აღინიშნა საქართველოს მიერ შეტანილი წვლილი ავღანეთში ISAF-ის სამშვიდობო მისიაში”.

 

პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვდა  ბულგარეთის პრეზიდენტ როსენ პლევნელიევს, სადაც მხარეებმა საქართველოსა და ბულგარეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს.

 

“შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა ბულგარეთის მხარდაჭერა საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართ და საქართველოსთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის მზაობა. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემატიკასა დასაქართველო-რუსეთის ურთიერთობებს. ბულგარულმა მხარემ კვლავ დაადასტურა თავისი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. ამასთან, ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს. აღსანიშნავია, რომ 2014 წლის 1 იანვრიდან ბულგარეთი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) თავმჯდომარე ქვეყანაა. ამასთან დაკავშირებით ბულგარულმა მხარემ აღნიშნა, რომ პრიორიტეტული იქნება BSEC-ის ევროკავშირთან თანამშრომლობის განვითარება”.- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 


ირაკლი ღარიბაშვილი მაია ფანჯიკიძესთან და ირაკლი ალასანიასთან ერთად დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრ ფილიპ ჰამონდს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. პრესსამასახურის ინფორმაციით, საუბარი ასევევ შეეხო ნატოსთან ინტეგრაციის საკითხებს.


მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრა გამართა ამერიკის სენატორთა და კონგრესმენთა გაფართოებულ ჯგუფთან, რომელსაც სენატორი ჯონ მაკკეინი ხელმძღვანელობს.


“მხარეებმა განიხილეს აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიღწეული პროგრესი. საუბარი შეეხო 2014 წელს დაგეგმილი ნატოს სამიტისა და საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებულ საკითხებს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ამ მიმართულებით შეერთებული შტატების მხარდაჭერას და აღინიშნა აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა. მხარეებმა ასევე ისაუბრეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე”.- ნათქვამია განცხადებაში. 


ირაკლი ღარიბაშვილი ასევე შეხვდა აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივანს, ჰენრი კისინჯერს და გაეროს გენერალურ მდივანს, ბან კი მუნს. დღის ბოლოს კი ღარიბაშვილი კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი