გარეემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ “ნეტგაზეთთან” საუბრისას განაცხადა, რომ 1 თებერვალს დღის მანძილზე -4 გრადუსი ყინვის შენარჩუნებას ვარაუდობენ, ხოლო ღამით ტემპერატურა მთელი საქართველოს მასშტაბით დაცემისკენ მიდის და თბილისში დაახლოვებით -9, – 10 გრადუს ყინვას ელიან.
“შემდეგ დღეებში, 3 თებერვალს, 4 თებერვალს, ღრუბელი არ იქნება, ამიტომ ყინვები გაძლიერდება და შესაძლებელია -10, -12 გრადუსი ყინვა იყოს ღამის საათებში და დღისით ვერ გათბეს, ძალიან ძლიერი ანტიციკლონია, ძლიერი ცივი ჰაერის მასაა და ეს რომ აწიოს ატმოსფერომ, ვერ შეძლებს. ყინვებზე როცა ვსაუბრობთ, ვგულისხმობ აღმოსავლეთ საქართველოს- მთა, მაღალი მთა, თბილისი. ეს ცივი ჰაერის მასა მაინც აღწევს დასავლეთ საქართველოში, სადაც შედარებით თბილა, სანაპირო რაიონებში +2 გრადუს სითბოსაც ველოდებით ამ საღამოს. მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ, მაგალითად, ქობულეთში, ფოთში, მარტვილში, ქუთაისში ამინდი ყინვებისკენ წავიდეს, მაგრამ ეს იქნება დაახლოვებით -3, -6 გრადუსამდე. დაბლობში დღისით +2, +7 გრადუსს ვფიქრობთ, როცა აღმოსავლეთში -3, -8 გრადუსამდე ყინვას”.
მისივე თქმით, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, მაგალითად, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე გაძლიერდება აღმოსავლეთის მიმართულების ქარი, რომლის ძალამ შესაძლოა 30 მ/წმ-ს გადააჭარბოს.
“თან ყინვიანი ქარი იქნება და ამავდროულად ძლიერი ქარი. ამინდის მხრივ დასავლეთში ქარის პრობლემაა, აღმოსავლეთში- ყინვის”.- ამბობს დოდო გვაზავა.
მისივე განცხადებით, შესაძლებელია აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში და მათ შორის თბილისში ნალექცი თოვლი სახით კვლავ მოვიდეს, თუმცა ინტენსიურ თოვას გარემოს ეროვნული სააგენტო არ პროგნოზირებს.




