ახალი ამბები

რა საკითხები განიხილა მარგველაშვილმა ევროკავშირის ქვეყნების ელჩებთან სადილზე

31 იანვარი, 2014 •
რა საკითხები განიხილა მარგველაშვილმა ევროკავშირის ქვეყნების ელჩებთან სადილზე

მათივე ინფორმაციით, სამუშაო ლანჩზე საქართველოს პრეზიდენტმა ევროპელ დიპლომატებთან ერთად ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებიდან-ხელმოწერამდე პერიოდში მოსამზადებელი სამუშაოები განიხილა. საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის შესაძლო დახმარების გამოყოფას, დეოკუპაციასთან დაკავშირებულ საკითხებს და იმ თემებს, რომლებიც საერთაშორისო გამოწვევების მიმართულებით არის აქტუალური.

 

„რეგულარულად ვმართავთ შეხვედრებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან, იმ მნიშვნელოვანი მიზნიდან გამომდინარე, რასაც წარმოადგენს ასოცირების შელშეკრულების ხელმოწერა. შეხვედრაზე განვიხილეთ მიმდინარე პროცესი, ვისაუბრეთ, თუ რა ვალდებულებები და სამოქმედო გეგმა ექნება საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ“, -განაცხადა მარგველაშვილმა.

 

“ევროპის დედაქალაქებსა და ბრიუსელში განწყობა ერთიანი და ცნობილია, რომ საქართველომ წელს ხელი უნდა მოაწეროს ასოცირების ხელშეკრულებას. საქართველომ უნდა განაგრძოს დაწყებული რეფორმები და ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მნიშვნელოვანია ევროინსტიტუტებთან დაახლოების გზაზე“, – განაცხადა ლიტვის ელჩმა იონას პასლაუსკასმა

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მარგველაშვილმა შეხვედრისას კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება 11-კილომეტრიანი სასაზღვრო ზოლის გაფართოებასთან დაკავშირებით საქართველოს ტერიტორიაზე: „შეხვედრაზე აღვნიშნეთ, რომ მსგავსი ტიპის საკითხებზე  მსოფლიო თანამეგობრობამ მყისიერად უნდა გამოხატოს თავისი პოზიცია“- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

სამუშაო სადილს საქართველოს პრეზიდენტთან ერთად ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკანიანი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი, პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში ივანე მაჭავარიანი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა აბაშიძე ესწრებოდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი