ნეტგაზეთი | ინგლისში ნერვული აგენტით, “ნოვიჩოკით”, კიდევ ორი ადამიანი მოწამლეს ინგლისში ნერვული აგენტით, “ნოვიჩოკით”, კიდევ ორი ადამიანი მოწამლეს – Netgazeti
RU | GE  

ინგლისში ნერვული აგენტით, “ნოვიჩოკით”, კიდევ ორი ადამიანი მოწამლეს

ინგლისში, ქალაქ ამესბერიში ორი ადამიანი ნერვული აგენტით, ე.წ. ნოვიჩოკით მოწამლეს. ეს სწორედ ის ნივთიერებაა, რომელიც ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალისა და მისი შვილის, იულია სკრიპალის მოსაწამლად რამდენიმე თვის წინ გამოიყენეს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის თანახმად, ამესბერიში  მოწამლული  არიან 45 წლის ჩარლი როული და 44 წლის დონ სტაგრესი, რომლებიც საკუთარ სახლში  შეუძლოდ გახდნენ და ამ დრომდე კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებიან. პოლიციის თანახმად, მათ ზუსტად ისეთი სიმპტომები ჰქონდათ, როგორიც სკრიპალებს.

სამართალდამცველების თქმით, არ არსებობდა რაიმე მიზეზი იმის საფიქრელად, რომ მოწამლული წყვილი ვინმეს სამიზნე ყოფილიყო.

იულია სკრიპალის მამა სერგეი სკრიპალი რუსეთის  დაზვერვის ყოფილი ოფიცერია. მამა-შვილი 4 მარტს დიდ ბრიტანეთში, ქალაქ სოლსბერიში მოწამლეს. ბრიტანეთმა რუსეთი დაადანაშაულა სკრიპალების მოწამვლაში.

ექსპერტიზის შემდეგ ბრიტანეთის პოლიცია დადასტურებით აცხადებს, რომ ყოფილი რუსი აგენტი სერგეი სკრიპალი თავის შვილთან ერთად ნერვული აგენტით მოწამლეს. ნერვული აგენტი ეწოდება ისეთ ტოქსიკურ ნივთიერებათა ჯგუფს, რომელიც ბლოკავს ადამიანის უნარს, აკონტროლოს თავისი ორგანიზმი. როგორც წესი, ის ადამიანის ორგანიზმში შეფრქვევით ხვდება და იწვევს შინაგანი ორგანოების მუშაობის მოშლასა და სუნთქვის შეჩერებას.

სერგეი სკრიპალი რუსეთში 2006 წელს გაასამართლეს ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის, MI6-ის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით და 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. თუმცა 2010 წელს, აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან (FBI) მოლაპარაკების შედეგად, ჯაშუშობისთვის გასამართლებულ სამ სხვა პირთან ერთად გაათავისუფლეს. მაშინ FBI-მ რუსეთის 10 ჯაშუში გაათავისუფლა პატიმრობიდან. სკრიპალმა რუსეთი გათავისუფლებისთანავე დატოვა და მას შემდეგ დიდ ბრიტანეთში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.

სკრიპალების მოწამვლას მოჰყვა საერთაშორისო დიპლომატიური სკანდალი. მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ რუსი დიპლომატები ქვეყნიდან გააძევა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან