საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 2018 წლის 6 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები, ჯამში, 2 103 151 მგზავრს მოემსახურა. აღნიშნული 31%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს (1,6 მილიონი მგზავრი).
მგზავრების ნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში:
2018 წლის 6 თვის განმავლობაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1 675 073 მგზავრს მოემსახურა, რაც 30 %-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (1,3 მილიონი მგზავრი).
მგზავრების ნაკადი 28%–ით გაიზარდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტშიც. 2017 წლის 6 თვეში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი 183 632 მგზავრს მოემსახურა, წელს ამ მაჩვენებელმა 234 679 მგზავრი შეადგინა.
ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2018 წლის პირველ 6 თვეში ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 190 272 მგზავრმა ისარგებლა, რაც 43%-ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (133 424 მგზავრი).
რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს, 2018 წლის 6 თვეში მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებით 3 063-მა მგზავრმა ისარგებლა. 2018 წლის 6 თვის მონაცემებით, ადგილობრივ აეროპორტებში, ჯამში, 156 რეისი შესრულდა.