ახალი ამბებიხელოვნება

ნოდარ მელაძე ნარკოპოლიტიკაზე: არ მგონია, კონტროლზე საერთოდ უარის თქმა სწორი იყოს

4 ივლისი, 2018 • 2962
ნოდარ მელაძე ნარკოპოლიტიკაზე: არ მგონია, კონტროლზე საერთოდ უარის თქმა სწორი იყოს

ნოდარ მელაძე, ჟურნალისტი:

„თუ ადამიანი მხოლოდ მომხმარებელია და არ აქვს კავშირი ნარკოტიკების რეალიზაციასთან – პატიმრობით არ უნდა ისჯებოდეს. დამოკიდებულისთვის ციხე გამოსავალი არ არის, მას სხვა სახის რეაბილიტაცია სჭირდება, რაშიც სახელმწიფო უნდა ჩაერთოს და მანვე დაარწმუნოს ამ რეაბილიტაციის აუცილებლობაში. რეაბილიტაცია არ გულისხმობს მხოლოდ მკურნალობას, კარგად უნდა იყოს გაანალიზებული რისკი, რაზეც ადამიანი ნარკოტიკების მოხმარებით მიდის.

არა მხოლოდ საჭირო, არამედ აუცილებელიცაა გავაცნოთ ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული რისკები სკოლებსა და სხვა სასწავლო დაწესებულებებში ახალგაზრდებს. როცა ადამიანს რაიმეს მკაცრად უკრძალავ, დიდი შანსია, რომ ის ამ აკრძალვას არ დაემორჩილება.

მნიშვნელოვანია ახსნის ფორმა, თუ რა ზიანი ადგება მომხმარებელს. საჭიროა მაგალითების და ისტორიების სწორად მიტანა ადამიანებამდე.

მმართველ ელიტაში არის სრული ქაოსი და ჩამოუყალიბებლობა ამ თემასთან დაკავშირებით. ხანდახან მრჩება შთაბეჭდილება, რომ არც კი აქვთ გეგმა, რა უნდა გააკეთონ და მიედ-მოედებიან. როცა არსებობს გაწერილი გეგმა შეფასებებითა და რისკებით, ამ გეგმას მიჰყვები, აუცილებლად იღებ შედეგს, მაგრამ ქაოტურ გადაწყვეტილებებს იღებ მაშინ, როცა დამოკიდებული ხარ სხვადასხვა ჯგუფის აზრზე, როცა გაღელვებს, გაგაკრიტიკებენ თუ არა გადაწყვეტილებების გამო.

ხელისუფლება შიშობს, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული ლიბერალური ნაბიჯების გადადგმით არ დაკარგოს დიდი ჯგუფის მხარდაჭერა და თანადგომა. ეს არის მთავარი პრობლემა.

ჩვენ ვცხოვრობთ მითებში. საზოგადოება ხშირად ვერ ამსხვრევს ამ მითებს და არ უნდა რეალობის დანახვა. ხანდახან ჩვენც, ჟურნალისტებსაც არ გვაქვს მედიაპლატფორმები საგანმანათლებლო პროდუქტის საზოგადოებისთვის მისაწოდებლად.

მცდარ წარმოდგენებში ცხოვრებას მყარი ინსტიტუციებიც უწყობენ ხელს. ყველა პრობლემა ერთმანეთზე მძივივითაა აწყობილი.

ხელისუფლება მყარ ინსტიტუციებს უწევს ანგარიშს, ამასობაში კი მძაფრდება  პრობლემები.

კატეგორიულად მიუღებელია ქუჩის ნარკოტესტირებების ის ფორმა, რაც ახლა გვაქვს, მაგრამ სისტემურად კონტროლზე საერთოდ უარის თქმაც არ მგონია სწორი იყოს.

ფაქტია, რომ გვყავს მომხმარებელთა დიდი რაოდენობა და ინსტრუმენტები, რითაც ნარკოტიკების პრობლემას ვებრძვით, ვერ მუშაობს. არაეფექტურია. ამის პარალელურად ვიღებთ სააფთიაქო ნარკომანიას, განსაკუთრებით საშიშ, ქიმიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულ ადამიანებს, რომლებიც კვდებიან.

ნარკოპოლიტიკის შესახებ რეპორტაჟების მომზადებისას ვეცნობოდი ექსპერტების დასკვნებს, თუ რა ნივთიერებებს იღებენ ხშირად მომხმარებლები. შედეგები სულ უფრო და უფრო სავალალოა. ვლაპარაკობთ და ვერაფერს ვაკეთებთ. სიტყვებით ვიბრძვით და საქმით ვერა. შედეგად, პრობლემა უფრო მწვავედ დგას, ვიდრე ცოტა ხნის წინ“.

 

_________________

სოციალური კამპანია „ზრუნვა დასჯის ნაცვლად“

კამპანიის მხარდამჭერია საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა

მასალების გადაბეჭდვის წესი