დღეს, 4 ივლისს, აშშ-ში დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობენ. 1776 წლის 4 ივლისს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დამოუკიდელობის დეკლარაცია მიიღო. წელს აშშ უკვე 241-ედ იზეიმებს დამოუკიდებლობას. 4 ივლისი ოფიციალურად უქმე დღეა და მას ყველა შტატი განსაკუთრებულად აღნიშნავს.
დამოუკიდებლობის დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოდანაც ულოცავენ. ამ დღესთან დაკავშირებით განცხადება ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გაავრცელა. პრემიერ-მინისტრის თქმით, აშშ საქართველოს მეგობარია და ეს მეგობრობა უნივერსალურ ღირებულებებზეა დაფუძნებული:
“საქართველოს მთავრობის სახელით მინდა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ყველა ამერიკელს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე! ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს მეგობარი. ჩვენი ქვეყნების მეგობრობა დაფუძნებულია უნივერსალურ ღირებულებებზე, როგორებიცაა – თავისუფლება, თანასწორობა, კანონის უზენაესობა და დემოკრატიული პრინციპებისადმი ერთგულება.
დამოუკიდებლობა გახლავთ ის ღირებულება, რომლისთვისაც ძალიან ბევრჯერ მოუწია ქართველ ხალხს ბრძოლა. სწორედ ამიტომ, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით მისი ფასი! მინდა, კიდევ ერთხელ, გულითადად მივულოცო ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მის ყველა გულშემატკივარს ეს უმნიშვნელოვანესი დღე” – წერს მამუკა ბახტაძე.
მილოცვის განცხადება ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემაც. ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ 4 ივლისი საზეიმო თარიღია არა მხოლოდ ამერიკელი ხალხისთვის, არამედ ყველა იმ ერისთვისა, ვისთვისაც თავისუფლება და დემოკრატია უმთავრესი ღირებულებაა:
“ჩვენს მთავარ მოკავშირეს, სტრატეგიულ პარტნიორს და ერთგულ მეგობარ ქვეყანას-ამერიკის შეერთებულ შტატებს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს. ეს დღე საზეიმო თარიღია არა მხოლოდ ამერიკელი ხალხისთვის, არამედ ყველა იმ ერისთვის, ვისთვისაც თავისუფლება და დემოკრატია უმთავრესი ღირებულებაა. საქართველოს პარლამენტის სახელით, მადლობას ვუხდი ჩვენს ამერიკელ მეგობრებს ყველაფრისთვის, რასაც ისინი უკეთესი მსოფლიოს და მომავლის ასაშენებლად აკეთებენ” – ამბობს კობახიძე.
აშშ-ს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა საპარლამენტო უმცირესობამაც. ევროპული საქართველოს განცხადებით, აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, რომელიც ქვეყანას 90-იანი წლებიდან გვერდით უდგას.