გივი თარგამაძის თქმით, მას ეს კადრები პირველად არ უნახავს:
„ეს პირველად არ მინახავს ნამდვილად, ვინაიდან იქ ვიმყოფებოდი მეც. მინდა გითხრათ, რომ 2009 წლის მაისში საქართველოში განხორციელდა შეიარაღებული ამბოხი, რომელსაც მიზნად ჰქონდა 90-იანი წლების მსგავსი სისხლიანი მოქმედებების გავრცელება მთელი საქართველოს მასშტაბით და პრაქტიკულად მთელი ქვეყნის, აი, იმ ცნობილ სისხლიან მოვლენებში ჩახრჩობა კიდევ ერთხელ. ამ ამბოხის ორგანიზატორები იყვნენ ადამიანები, ბატონი კრიალაშვილი და ოთანაძე, რომლებსაც ზუსტად ანალოგიური ქმედება ჰქონდათ ჩადენილი შევარდნაძის პერიოდში. განსხვავებით შევარდნაძის პერიოდისგან, ამ შემთხვევაში ხელისუფლებამ ერთი დღის მანძილზე შეძლო ამ სიტუაციის ამოწურვა ისე, რომ არ ყოფილა არათუ გარდაცვლილი, არამედ დაზარალებულიც კი. ძებნის ოპერაცია გაგრძელდა რამოდენიმე კვირის მანძილზე და დასრულდა დაკავების ოპერაციით ცხვარიჭამია-თბილისის გზაზე, სადაც ამ ადამიანებმა გაწიეს შეიარაღებული წინააღმდეგობა დაკავებისას და, შესაბამისად, ოპერაციის დროს ერთ-ერთი მათგანი იქნა ლიკვიდირებული, მეორე იყო დაჭრილი. მას გაეწია კვალიფიციური სამედიცინო დახმარება, ოთანაძეს ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია. ის დღეს არათუ ცოცხალია, არამედ დღევანდელმა ხელისუფლებამ, საქმის ყოველგვარი გამოძიების გარეშე, როგორც გმირი ისე გაათავისუფლა და მიანიჭა პოლიტპატიმრის სტატუსი, მაშინ, როდესაც ეს ადამიანი ხელმწორედ ჩადიოდა მძიმე დანაშაულს ქვეყნის წინააღმდეგ.“
თარგამაძე მიიჩნევს, რომ ვიდეოფირზე ასახულ ვითარებაში მერაბიშვილის მოქმედებები სრულიად ადეკვატურია:
„დაკავების ბრძანება იყო აბსოლუტურად ადეკვატური. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს ადამიანები იყვნენ პროფესიონალები და მძიმედ შეიარაღებულები, წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში ადეკვატური ქმედება ძალოვანების მიერ და საპასუხი ძალისმიერი მოქმედება იყო აბსოლუტურად დასაბუთებული. „
თარგამაძის თქმით, მერაბიშვილი ამბობს, რომ ორი ადამიანის დაკავებაა საჭირო, თუმცა გავრცელებულ ვიდეომასალაში, რომლის აუთენტურობა დადასტურებული არ არის, მერაბიშვილი ამბობს, ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი, პრემია იქნება დიდი:
„ ადამიანის დაკავებაა საჭირო და იგულისხმება, რომ თუ ისინი წინააღმდეგობას გაწევენ, ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, ძალოვანების მიერ ადეკვატური მოქმედება.“
თარგამაძის განმარტებით, ლიკვიდაცია თვითმიზანი რომ არ იყო, ამის დასტურად სპეცოპერაციისას კობა ოთანაძის სიცოცხლის შენარჩუნება გამოდგება. მისივე სიტყვით, ორივე პირის ლიკვიდაცია თვითმიზანი რომ ყოფილიყო, ამას ხელს არაფერი შეუშლიდა:
„იმის დადასტურება, რომ ეს თვითმზანი არ იყო, ძალიან მარტივად შეიძლება დავასაბუთოთ, როდესაც დაკავების ოპერაციის დროს ერთ-ერთი იქნა ლიკვიდირებული, მეორე იყო საკმაოდ მძიმედ დაჭრილი, შემიძლია პირადად დავადასტურო, რადგან იქ ვიმყოფებოდი. იყო სასწრაფოდ გადაყვანილი საავადმყოფოში, ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია, კვალიფიციური სარებილიტაციო სამედიცინო დახამრება და ის დღეს არა მხოლოდ ცოცხალია, არამედ ჩვენი ქვეყნის სამწუხაროდ სარგებლობს გმირის და პოლიტპატიმრის სტატუსით. ორივეს ლიკვიდაცია თვითმიზანი რომ ყოფილიყო, მე მგონი, ამას ხელს არაფერი შეუშლიდა. მე ვფიქრობ, აქ არაფერია გამოსაძიებელი. იქ არის ვანო მერაბიშვილი, მას ჩვეულებრივად კითხავენ და ამ საქმეზეც შეუძლიათ დაკითხონ.“




