კვლევა, რომელიც სამართლიანი არჩევნების დაკვეთით ნინო სამველიძემ მოამზადა, თვითმმართველობის კოდექსის პრინციპებს მიმოიხილავს. ორგანიზაცია გადაწყვეტილებების მიმღებებს რეკომენდაციებსაც აძლევს. ერთ–ერთი საკითხი, რასაც კვლევის ავტორები პრობლემატურად მიიჩნევენ, საშტატო ერთეულების შემცირებაა, რომელსაც თვითმართველობის ახალი კოდექსი ითვალისწინებს:
“ახალი კანონპროექტი ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულ საჯარო მოხელეთა რაოდენობის შემცირებას. ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებულთა რაოდენობა განისაზღვრება შემდეგი კრიტერიუმით: თითოეულ მუნიციპალიტეტში 30 საშტატო ერთეულს ემატება მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ყოველ 500 ამომრჩეველზე 1 საშტატო ერთეული; მუნიციპალიტეტის შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობა არ უნდა იყოს გამგეობის და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა შტატით გათვალისწინებული რაოდენობის 10%-ზე მეტი. იმ თვითმმართველ ერთეულებში, სადაც საშტატო რაოდენობის 10%-ი ხუთ ერთეულზე ნაკლებს შეადგენს, შესაძლებელია შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობის გაზრდა არაუმეტეს ხუთ ერთეულამდე. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გამოთვლილი იყო, რომ რეგიონებში საჯარო მოხელეთა რიცხვის არსებული რაოდენობა – დაახლ. 13,000-დან 8,600- მდე შემცირდებოდა, თუმცა რეფორმის დასრულების შემდეგ (2017 წლის შემდეგ) იგეგმება დასაქმებულთა რიცხვის კვლავ გაზრდა საწყის რაოდენობამდე”, – ნათქვამია კვლევაში.
ამასთან, დოკუმენტის თანახმად, მიმდინარე წლის 24 იანვარს პარლამენტის წარმომადგენლებისგან გაკეთდა განცხადება, რომ საშტატო ერთეულების ოპტიმიზაციაში არ იქნება გათვალისწინებული რწმუნებულების სამუშაო ადგილები.
“საქართველოს სხვადასხვა სოფელში ამ ეტაპზე 1000 რწმუნებულია და, შესაბამისად, 1000 სამუშაო ადგილი შენარჩუნებული იქნება ადგილობრივი არჩევნების შემდეგაც. აქვე აღსანიშნავია, რომ ახალი პროექტის მიხედვით, საკრებულოსა და გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა ანაზღაურების ხარჯები არ უნდა აღემატებოდეს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯების 25%-ს”.
კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ მათთვის არ არის ნათელი, რაში მდგომარეობს საჯარო მოხელეების რიცხვის შემცირების მიზეზი და 2017 წლისთვის მათი რიცხვის ისევ გაზრდა.
“თუ აღნიშნული ცვლილება ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებასთან არის კავშირში, მაშინ გაუგებარია, რატომ ხდება კადრების რაოდენობის ისევ გაზრდა 2017 წლისთვის. ასევე, არ არის განმარტებული, საითკენ იქნება მიმართული აღნიშნული ცვლილების შედეგად დაზოგილი ადმინისტრაციული ხარჯები. არსებობს დიდი რისკი, რომ აღნიშნულმა ცვლილებამ გამოიწვიოს პროტესტი ადგილობრივ მოსახლეობაში, რადგან ადგილობრივ დონეზე დასაქმება ხშირად წარმოადგენს პრობლემას. ამასთანავე, უნდა განხორციელდეს სათანადო კონტროლი, რათა არ მოხდეს თანამშრომლების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება”, – ნათქვამია კვლევაში.
საქართველოს რეგიონალური განვითარების მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელეაშვილი ამბობს, რომ საშტატო ერთეულების შემცირებასთან დაკავშირებით შესაბამისი ფორმულა კიდევ დაზუსტდება მესამე საპარლამენტო მოსმენით:
“ამაზე პარლამენტში მიდის მსჯელობა. მოსახლეობის რაოდენობიდან და სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე ეს მოაქცევს ჩარჩოში თვითმმართველობებში დასაქმებულთა რიცხოვნობას. დღეს ჩვენ გვაქვს მუნიციპალიტეტები, სადაც 30 ამომრჩეველზე ერთი მუნიციპალური მუშაკი მოდის. წლების განმავლობაში ძალიან იბერებოდა ეს რიცხვი”, – აცხადებს იგი.

შერგელაშვილის თქმით, არჩევნების გამოცხადებიდან 120 დღეში მუნიციპალიტეტები დაამტკიცებენ შესაბამის სტრუქტურებს, ჩაატარებენ კონკურსებს და ასე დანიშნავენ თანამშრომლებს. კითხვას, რამდენად ობიექტურად განხორციელდება ეს პროცესი და ხომ არ დაემსგავსება ეს ყველაფერი პოლიტიკური ნიშნით ადამიანების სამსახურიდან მოხსნას, გამომდინარე იქიდან, რომ თვითმმართველობებში დასაქმებულების უმეტესობამ მუშაობა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაიწყო, იგი ასე პასუხობს:
“უკაცრავად, მაგრამ ამ ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა კონკურსის გარეშეა დანიშნული და ჩვენ ვიძახით, რომ კონკურსით შევარჩიოთ ადამიანები. მოდი, მოვიკითხოთ ნაცმოძრაობის თუ სხვა დროს დანიშნულები, რამდენად არიან დანიშნულები კონკურსებით და რა პრინციპებით.
მათ ექნებათ საშუალება, იქნება ტესტირება, მათ მუშაობის გამოცდილება მეტი აქვთ და ამის გამო გარკვეული უპირატესობაც უნდა ჰქონდეთ.
მაქსიმამუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს იყოს ობიექტური. მუნიციპლიტეტმა უნდა ჩაატაროს [კონკურსი], მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ გარკვეულ მექანიზმებსა და კონცეფციებზე.
დრო გვაქვს, რადგან ეს კონკურსები ზაფხულის შემდეგ ჩატარდება”, – განაცხადა შერგელაშვილმა ნეტგაზეთთან საუბარში.
‘სამართლიანი არჩევნები” მთავრობას შემდეგი რეკომენდაციებით მიმართავს:
“მთავრობამ უნდა განუმარტოს საზოგადოებას, რას ემსახურება კადრების შემცირება და, თუ ეს დაკავშირებულია ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებასთან, რა პრიორიტეტებზე მოხდება დაზოგილი თანხების გადანაწილდება;
კონკრეტულად უნდა განისაზღვროს კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც მოხდება დასაქმებულ მოხელეთა რაოდენობის შემცირება. მაგალითად,შეიძლება შემუშავდეს ტესტები პრიორიტეტული სფეროების მიხედვით, რომელიც შეამოწმებს დასაქმებულთა კვალიფიკაციას და გამოცდილებას. შედეგების გათვალისწინებით მოხდება დასაქმებულთა რაოდენობის შემცირება. ასევე, საჭირო იქნება, მთვარობამ შეიმუშავოს კვალიფიკაციის ასამაღლებელი მექანიზმები, რადგან ვფიქრობთ, რომ თვითმმართველობის ეფექტურობის ერთ- ერთ პირობას კვალიფიციური კადრი წარმოადგენს”.




