ახალი ამბები

ზაზა სარალიძემ მთელი ღამე შსს-ს ეზოში გაატარა

3 ივლისი, 2018 • 2392
ზაზა სარალიძემ მთელი ღამე შსს-ს ეზოში გაატარა

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ 2 ივლისის ღამე შსს-ს შენობასთან გაატარა. ამის შესახებ მან ნეტგაზეთს სატელეფონო კომენტარში უთხრა.

როგორც მან ნეტგაზეთს უთხრა, მთელი ღამე შსს-ს ეზოში იმყოფებოდა, საიდანაც არავინ გამოსულა მასთან სასაუბროდ. მისივე თქმით, ადგილზე მობილიზებულია სასწრაფოც. სარალიძე შსს-ს შენობის ეზოს დატოვებას არ აპირებს მანამ, სანამ მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და მისი შვილის მკვლელებს არ დააკავებენ.

ზაზა სარალიძემ აქცია გუშინ, 2 ივლისს ორთაჭალაში, შსს-ს შენობის ეზოში გუშინ დაიწყო. ის მარტო მივიდა ადგილზე და, როგორც ჟურნალისტებს განუცხადა, კრიმინალური პოლიციის უფროსს შეხვდა და ჰკითხა, რა ეტაპზე იყო გამოძიება. სარალიძე ასევე დაინტერესდა, დააკავებდნენ თუ არა პირს, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის მონაწილეა, რის პასუხადაც განუცხადეს, რომ ამისათვის მტკიცებულებები არ არსებობს.

რაც შეეხება შიმშილობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, სარალიძე აღნიშნულს არ ადასტურებს და აღნიშნავს, რომ “ეს ყველაფერი ჭორია”.


პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ მუშაობა მას შემდეგ დაიწყო, რაც სასამართლომ განაცხადა, რომ დავით სარალიძის მკვლელი საქმეში არ არსებობს და მხოლოდ დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობისთვის გამოუტანა ერთ პირს განაჩენი. ამის შემდეგ დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ აქციები დაიწყო. იგი და მისი მხარდამჭერები სრულყოფილ გამოძიებას და იმ ადამიანების დასჯას ითხოვენ, ვინც ხორვას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის მონაწილე პირებს ხელს აფარებენ.

ხორავას ქუჩაზე მომხდარ გამოძიებასთან დაკავშირებით გადადგა მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე. საქმეში მოწმეებზე შესაძლო ზეგავლენის მოხდენის საქმეზე გამოძიება დაიწყო შსს-მ და ამ გამოძიების ფარგლებში დაკავებულია ორი პირი, მათ შორის, ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი.

რამ გამოიწვია მოზარდების დაპირისპირება და რა მოხდა ხორავაზე პროკურატურის ვერსიით, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე. 

მასალების გადაბეჭდვის წესი