ახალი ამბები

ქუთაისის საკრებულომ საკონკურსო კომისიის ახალი თავმჯდომარე აირჩია

29 იანვარი, 2014 • • 1302
ქუთაისის საკრებულომ საკონკურსო კომისიის ახალი თავმჯდომარე აირჩია

დავით დვალის თქმით, ის ეცდება კომისიამ საზოგადოების ნდობა მოიპოვოს:

 

“ბევრი სამუშაო იქნება გასაკეთებელი. ადამიანი, როცა საკრებულოში შემოდიხარ, პასუხისმგებლობას არ უნდა გაექცე. კომისიის წევრებს მე დავნიშნავ და მაქსიმალურად ვეცდები, რომ ისინი ღირსეული ადამიანები იყვნენ, რომლებიც უპასუხებენ საზოგადოების დაკვეთას, რათა კომისიის მიმართ იყოს ნდობა. თავმჯდომარის გადადგომის შემდეგ კომისია დაშლილად ცხადდება და მე ვეცდები, რაც შეიძლება მალე დავაკომპლექტო ახალი კომისია.”

 

კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციამ, რომლის წევრები აღნიშნავენ, რომ კომისია არალეგიტიმურია:

 

“ეს კომისია სრულიად არალეგიტიმური არის და პოლიტიკურად გაურკვეველ ადამიანს, დავით დვალს მისცეს ეს თანამდებობა, რადგან ფიქრობენ რომ დვალი უკეთ შეასრულებს მათ დავალებებს,” – ამბობს გია უკლება.

 

კენჭისყრაში მონაწილეობა არც ფრაქცია “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” წევრებმა მიიღეს. 

 

“ჩვენ ვემიჯნებით ამ საკითხს. აქ “ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” მარშია, ეს მარში მათ სულ ჰქონდათ, ასეთი თანადგომა სულ ექნებათ, საზოგადოებას კიდევ ატყუებენ, რომ სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების არიან. ჩვენ კენჭისყრაში მონაწიელობას არ მივიღებთ,” – აღნიშნა ფრაქციის თავმჯდომარემ კახა ნემსიწვერიძემ, მას შემდეგ, რაც საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

 

ქუთაისის საკრებულოში მუდმივმოქმედი საკონკურსო საატესტაციო კომისია 2013 წლის პირველ მაისს შეიქმნა და მისი ფუნქცია ქალაქის მერიაში არსებულ ვაკანსიებზე კადრების შერჩევაა. ამ კომისიამ ჩატარებული კონკურსის შედეგად ქალაქის მერად აირჩია დიმიტრი კოპალიანი, რომელმაც თანამდებობაზე 98 დღე გაატარა.

 

დავით დვალი ქუთაისის საკრებულოში ქრისტიან-დემოკრატების სიით მოხვდა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ აღნიშნული ფრაქცია დაიშალა. ამჟამად დვალი ფრაქცია “ქუთაისის მომავლისთვის” წევრია. აღნიშნული ფრაქცია დამოუკიდებელი დეპუტატებითაა დაკომპლექტებული.

 

საკონკურსო საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის პოსტს დავით დვალამდე საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ მარგველაშვილი იკავებდა, თუმცა ის გასულ კვირას გადააყენეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი