ახალი ამბები

მთავარი პროკურორის კანდიდატად შალვა თადუმაძე თსუ-მ წარადგინა

2 ივლისი, 2018 • 7911
მთავარი პროკურორის კანდიდატად შალვა თადუმაძე თსუ-მ წარადგინა

მთავარი პროკურორის თანამდებობაზე შალვა თადუმაძის კანდიდატურა წარადგინეს. ამ პოსტზე თადუმაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა წარადგინა. ამ დროისთვის ის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას იკავებს, მანამდე კი (2012 წლიდან-2018 წლამდე) მთავრობის საპარლამენტო მდივანი იყო.

თადუმაძის გარდა მთავარი პროკურორის პოსტზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ედიშერ ფუტკარაძე და ნინო გოგნიაშვილი წარადგინა. გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა კი ამ თანამდებობაზე გიორგი საშიაშვილი წარადგინა.

მთავარი პროკურორის კანდიდატად ასევე წარდგეილია ირაკლი ნადარეიშვილი. პოლიტიკურმა პარტიამ “ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის”  შალვა შავგულიძის კანდიდატურა წარადგინა.

ამ დროისთვის ამ თანამდებობაზე სულ  15 კანდიდატურაა წარდგენილი. მათ შორის არიან პაატა შავაძე, ზურაბ ჯორბენაძე, გია ბერძენიძე, ნანა რევაზიშვილი, თამარ კერესელიძე, გრიგოლ გაგნიძე, იოსებ ბაჩიაშვილი, მაია ცაცანაშვილი,  ჯემალ გახოკიძე, გიორგი შაშიაშვილი, ნინო გოგნიაშვილი, ედიშერ ფუტკარაძე, შალვა თადუმაძე, ირაკლი ნადარეიშვილი და შალვა შავგულიძე. კიდევ ერთმა კანდიდატმა, მთავარი პროკურორის მოქმედმა მოადგილე  გიორგი გოგაძემ თავისი კანდიდატურა 22 ივნისს მოხსნა.

ვრცლად ინფორმაცია კანდიდატების შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულზე.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები პარლამენტს სთხოვენ, რომ შეცვალონ საქართველოს მთავარი პროკურორის არჩევის წესი, საპროკურორო საბჭოს შემადგენლობა და მისი კომპლექტაციის წესი.

კანონპროექტის ინიციატორების განცხადებით, უკანასკნელ პერიოდში საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა და მათთან დაკავშირებულმა პროკურატურის საქმიანობამ საზოგადოებაში უსამართლობის განცდა და პროტესტი გაამძაფრა. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ საჭიროა პროკურატურის სერიოზული რეფორმა, რომლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია მთავარი პროკურორის გამართული წესით არჩევა:

“მოქმედი ცუდი სისტემით არჩეული მთავარი პროკურორი სათანადოდ ვერ შეასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, ვერ გაამართლებს საზოგადოებაში არსებულ მოლოდინს და ვერ აღადგენს ინსტიტუტის მიმართ ნდობას.

აღნიშნული გამოწვევის საპასუხოდ, რამდენიმე ორგანიზაციის ერთობლივი ძალისხმევით შემუშავდა საკანონმდებლო წინადადება „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომელიც უკვე დარეგისტრირდა პარლამენტში.”


იუსტიციის მინისტრმა მთავარი პროკურორის შესარჩევად საჯარო კონსულტაციები 4 ივნისს დაიწყო.

აკადემიურ წრეებს, სამართლის დარგის სპეციალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს კანონით გათვალისწინებული წესით პროკურორობის კანდიდატების წარდგენა შეუძლიათ. კონსულტაციების მიმდინარეობის ერთთვიან პერიოდში მინისტრისათვის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს ნებისმიერ არასამთავრობო ორგანიზაციას, აკადემიური წრეების დაინტერესებულ წარმომადგენელს ან/და სამართლის დარგის სპეციალისტს.

მთავარ პროკურორად შეიძლება არჩეულ იქნეს ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს სისხლის სამართლის საქმეების განმხილველ მოსამართლედ, პროკურორად ან საერთო, ან სისხლის სამართლის სპეციალიზაციით სისხლის სამართლის საქმეებზე ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, ან რომელიც არის სისხლის სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტი უმაღლესი სასწავლებლიდან ან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციიდან და რომელსაც აქვს იურისტის პროფესიით მუშაობის არანაკლებ 10-წლიანი გამოცდილება. მთავარი პროკურორობის კანდიდატი თავისი ზნეობისა და პროფესიული თვისებების გამო მაღალი ავტორიტეტით უნდა სარგებლობდეს.

კონსულტაციების შედეგად იუსტიციის მინისტრი დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით შეარჩევს და საპროკურორო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს მთავარი პროკურორობის არანაკლებ 3 კანდიდატს, რომელთა ერთი მესამედი მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს. მთავარი პროკურორობის კანდიდატების შესახებ წარდგინება უნდა დასაბუთდეს.

იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილ მთავარი პროკურორობის კანდიდატებს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი. კენჭისყრა ფარულია. დამტკიცებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა. საპროკურორო საბჭოს მიერ დამტკიცებულ მთავარი პროკურორის კანდიდატურას იუსტიციის მინისტრი თანხმობის მისაღებად დაუყოვნებლივ წარუდგენს საქართველოს მთავრობას.

საქართველოს მთავრობა ორი კვირის ვადაში თანხმობას აცხადებს ან უარს ამბობს მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე. თუ საქართველოს მთავრობა იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილ მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე თანხმობას განაცხადებს, აღნიშნული კანდიდატურა დაუყოვნებლივ წარედგინება საქართველოს პარლამენტს. საქართველოს პარლამენტი ფარული კენჭისყრით სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს მთავარ პროკურორს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი