ახალი ამბები

უსუფაშვილი GPB–ის პროცესზე: “პასუხისმგებლობა მე მეკისრება”

28 იანვარი, 2014 •
უსუფაშვილი GPB–ის პროცესზე: “პასუხისმგებლობა მე მეკისრება”

უსუფაშვილმა ეს საკითხი ასე განმარტა:

 

“კანონპროექტის შემქმნელებმა თავის დროზე, როდესაც ეს ცვლილებები შედიოდა კანონში, ძალიან ბევრი იფიქრეს, იკამათეს, თუ როგორი სისტემით ყოფილიყო ეს კონკურსი ჩატარებული, და მოიფიქრეს მარტივი გამოსავალი: მოდი, პარლამენტის თავმჯდომარეს ჩამოვკიდოთ პასუხისმგებლობაო. პარლამენტის თავმჯდომარეები კი საქართველოშიც და სხვაგანაც იმიტომ არსებობენ, რომ დიახ, მათ უნდა ჩამოეკიდოთ პასუხისმგებლობა”.

დავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარემ კონკრეტული პასუხი არ გასცა ნეტგაზეთის შეკითხვას, ხომ არ დგას დღის წესრიგში შესაბამისი კანონის იმ მუხლის შეცვლის ან დაზუსტების საკითხი, რომელიც სხვადასხვა სუბიექტის მხრიდან საკონკურსო კომისიის მიერ დასახელებული კანდიდატებიდან 3 სასურველი ადამიანის ამორჩევას ეხება. როგორც ცნობილია, კანონის ამ მუხლმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, იურისტთა ნაწილის მოსაზრებით, მაგალითად, საპარლამენტო უმრავლესობას დასახელებული 27 კანდიდატიდან 3 აუცილებლად უნდა დაესახელებინა. უსუფაშვილის მტკიცებით, ეს პროცესი კანონის სრული დაცვით ჩატარდა, რაზეც იგი პასუხისმგებლობას პირადად იღებს:

“მე საჯარო დბატებში ვიწვევ ყველას, ვინც თვლის, რომ კანონი დაირღვა. ვინც თვლის, რომ ეს იყო ვალდებულება, ძალიან მარტივი კითხვა მაქვს მათთან… ნებისმიერ ვალდებულებას თან ახლავს რა: ვალდებულების უზრუნევლყოფის მექანიზმი და ვალდებულების შეუსრულებლობაზე პასუხისმგებლობა. იქნებ ვინმემ მითხრას, რა ბერკეტებით უნდა მოეხერხებინა ამ შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ, მაგალითად, ექვსი ფრაქცია აუცილებლად შეთანხმებულიყო კონკრეტულ გვარზე?!  იგივე კანონი ამბობს, რომ თუ აღნიშნული პროცესით კვლავ ვაკანტური დარჩება თანამდებობა და [ბორდი] ვერ შეივსებაო, მაშინ ახალი კონკურსი ცხადდებაო, იქნებ  ვინმემ ამიხსნას, ეს რაღას ნიშნავს? თუ საპარლამენტო უმრავლესობა ვალდებულია, რომ ვინმე შეარჩიოს, მაშინ საპარლამენტო უმრავლესობა ვალდებულია ვინმე დანიშნოს?

 

ძალიან დიდ ბოდიშს ვუხდი იმ ხალხს, ვინც ზოგადად ამ პროცესით უკმაყოფილოა და ამ საკითხებში გვედავება. კანონთან დაკავშირებით ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას დღევანდელი და მომავალი თაობების წინაშე, ქრთული და უცხოური სასამართლოს წინაშე, ქალბატონი დუნია მიატოვიჩის წინაშე და ნებისმიერის წინაშე, რომ პროცესი ჩატარდა კანონის სრული დაცვით. კანონის დარღვევას შეეცადა ნაცმოძრაობა არასწორად შემოტანილი კანდიდატის მეშვეობით, მაგრამ, ცხადია, ეს არ დავუშვით”.

 

ნეტგაზეთის კითხვას, უკმაყოფილება, რომელიც ამ საკითხზე საზოგადოების ნაწილში გაჩნდა, მხოლოდ კანონმდებლობის საკითხს არ ეხება და საუბარია მმართველი გუნდის პოლიტიკური პასუხისმგებლობის თემაზეც [პროცესის წარმატებით დასრულებისათვის], იგი ასე პასუხობს:

 

“გავყოთ ეს ყველაფერი და ყველაფერს ერთად ნუ ჩავყრით. დანარჩენი, რომლითაც ვინმე უკმაყოფილოა, პასუხისმგებელია პარლამენტის თავმჯდომარე, თუ ეს ვინმეს დააკმაყოფილებს. ამასობაში ეს ბრალდებები და გაბრაზებული კანდიდატები, რომელთა საჯარო გამოსვლები მოვისმინე, როგორ გაბედეთ და მე არ ამირჩიეთო… იყო ხალხი, რომელიც, მე პირადად ვფიქრობდი, რომ ასარჩევი იყო, ამ განცხადებების შემდეგ ღმერთს მადლობა შევწირე, რომ კიდევ კარგი არ შევცდი–მეთქი. კონკურსში მონაწილე ადამიანი, ვინც გამოდის და ამბობს, რომ როგორ გაბედეთ და მე არ ამირჩიეთო…”.

 

უსუფაშვილმა აღარ უპასუხა ნეტგაზეთის კითხვას, რომელ კანდიდატებს გულისხმობს იგი და ვინ გააკეთა მსგავსი განცხადებები:

“გადახედეთ პრესას”, – თქვა მან.

 

არასამთავრობო ორგანიზაციებმა, საიამ, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ”, სიდამ, კონსტიტუციის 42-ე მუხლმა, სამართლიანმა არჩევნებმა, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრიმა, საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ და მედიის განვითარების ფონდმა გუშინ, 27 იანვარს განცხადება გაავრცელეს და პარლამენტს მოუწოდეს, რომ ახალი კონკურსის გამოცხადების პირობებში ძველი საკონკურსო კომისია დარჩეს და შემოსული განცხადებები სწორედ იმ 9 ადამიანისაგან შემდგარმა გუნდმა განიხილოს, რომელსაც ზვიად ქორიძე ხელმძღვანელობს.

ამ განცხადების კომენტირებისას უსუფაშვილმა მიანიშნა, რომ ახალი კომისიის დაკომპლექტების გადაწყვეტილებას იგი ერთპიროვნულად არ იღებს:

“რაც შეეხება მომართვას, რომ იქნებ იმათვე გააგრძელონო, მე ძალიან ვთხოვ ყველას, ვინც ამ  პროცესში ჩართული იყო: არასამთავრობო ორგანიზაციებსა თუ ექსპერტებს, რომ ჩავხედოთ კანონს და ამ კანონის მიხედვით ვიმოქმედოთ. კონკურსი დასრულდა. ეს ნიშნავს იმას, რომ ახალი კონკურსი უნდა გამოცხადდეს, იქ უკვე ყველაფერი გაწერილია, კონკურსის გამოცხადებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში პარლამენტის თავმჯდომარე ვალდებულია წარუდგინოს კომისიის შემადგენლობა პარლამენტს დასამტკიცებლად. მინიმუმ ორი ეტაპია გასავლელი, პარლამენტის თავმჯდომარემ უნდა დაწეროს 9 სახელი და გვარი, წარუდგინოს პარლამენტს და პარლამენტმა მოიწონოს. ასე რომ, ეს არ არის ჩვენი რაღაც კეთილი ნების თუ კეთილი ჟესტის საგანი, რომ მოდი, იგივე ხალხი დარჩეს. კომისიის ეს 9 წევრი მე სიზმარში არ მინახავს, მე არ დავმჯდარვარ და არ შემიქმნია ეს სია, მე მქონდა ინტენსიური კონტაქტი და კონსულტაცია მედიის იმ წარმომადგენლებთან, რომლებიც თავის დროზე ამ კანონპროექტის შექმნაში მონაწილეობდნენ და აქტიურობენენ, სახალხო დამცველთან, რომელსაც აქვს 2 კანდიდატის შერჩევის უფლება, აჭარის უმაღლეს საბჭოსთან, რომელიც ასევე ჩართულია ამ შერჩევის პროცესში, საპარლამენტო უმცირესობასთან და უმრავლესობაში შემავალ ფრაქციებთან. ყველა ამ კონსულტაციის შემდეგ და მათთან ერთად დაახლოებით 32 თუ 33 სახელის და გვარის განხილვის შემდეგ, ბოლოს მე შევკარი ეს 9 კაცი და წარვუდგინე პარლამენტს. ერთი ან ორი წლის შემდეგ შესაძლოა კიდევ გახდეს ეს თანამდბეობა [ბორდის წევის] ვაკანტური, რადგან რომელიმე მეურვე შესაძლოა მინისტრი გახდეს ან არ ვიცი. რა… ისევ შეიქმნება კომისია. რამდენჯერაც კონკურსი გამოცხადდება, იმდენჯერ უნდა შეიქმნას კომისია. იმ კომისიასთან, რომელმაც გასულ კონკურსში მონაწილეობა მიიღო და თავისი საქმე დაასრულა, მექნება შეხვედრა. მე მესმის ბევრის განწყობა, რომ აი, კომისიამ ხომ შეარჩია და თქვენ რატომ არ გაიზიარეთო. როცა შევხვდები, მაშინაც მოვახსენებ კომისიის წევრებს ძალიან დიდ მადლობას და ვიცი, რომ ისინი ამ ქვეყნისთვის ძალიან კარგ საქმეს გააკეთებენ ხვალაც: ინდივიდუალურად თუ კოლექტიურად, მაგრამ მოდით, შევეგუოთ იმ ამბავსაც, რომ აქ იყო შექმნილი საკონკურსო კომისია, რომელიც თავის მოსაზრებას სთავაზობდა ვიღაც სხვას და იმ ვიღაცა სხვაში კიდევ ორი წრე იყო: კანდიდატების შემრჩევი სუბიექტები და გადაწყვეტილების მიმღები პარლამენტი. თუ ყველა მოსაზრებასა და რჩევაში ვერ მოხდა თანხვედრა განწყობების და დამოკიდებულების, ამის გამო შეურაცხყოფილად ნუ ვიგრძნობთ თავს”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

 

მისივე თქმით, ახალი კონკურსი GPB–ის ბორდში დარჩენილ 5 ვაკანტურ ადგილზე უახლოეს ხანებში გამოცხადდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი