„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, როდესაც საქართველოს და ისრაელის პრემიერ-მინისტრები აწერენ ხელს თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას. ასევე, რა თქმა უნდა, სამხედრო თანამშრომლობის კუთხით ძალიან დიდი ველი გაიშალა ჩვენსა და ისრაელს შორის. ერთი თვის წინ მე ვიმყოფებოდი ისრაელში და შეთანხმება შედგა ჯგუფის შექმნაზე, რომელიც ყველა მიმართულებით დაიწყებს ჩვენი სამხედრო თანამშრომლობის განვითარებას,“ – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელში იმყოფება სამუშაო ვიზიტით, სადაც დღეს შეხვდა მის კოლეგას – ბენიამინ ნეთანიაჰუს. შეხვედრაზე მათ ხაზი გაუსვეს საქართველო–ისრაელს შორის ერთობლივი ეკონომიკური კომისიის შექმნის მნიშვნელობას, რომლის შესახებ გადაწყვეტილება ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ისრაელში ვიზიტის ფარგლებში იქნა მიღებული და ოფიციალურად ირაკლი ღარიბაშვილის მიმდინარე ვიზიტისას დაფუძნდა.
ირაკლი ღარიბაშვილისა და ბენიამინ ნათანიაჰუს შეხვედრის დასრულების შემდგომ გაიმართა საქართველო-ისრაელის მთავრობათაშორისი ერთობლივი ეკონომიკური კომისიის დამფუძნებელ მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონია.




