ახალი ამბები

“ბაქრაძე პრეზიდენტობის კანდიდატად” – “ევროპული საქართველოს” რეგიონული ოფისების ნაწილი FB-ზე აქტიურობს

30 ივნისი, 2018 • 3414
“ბაქრაძე პრეზიდენტობის კანდიდატად” – “ევროპული საქართველოს” რეგიონული ოფისების ნაწილი FB-ზე აქტიურობს

ევროპული საქართველოს რეგიონული ორგანიზაციების ნაწილი პარტიის მიერ საპრეზიდენტო კანდიდატად დავით ბაქრაძის დასახელებას უჭერენ მხარს და შესაბამის პოზიციას ფეისბუკზეც აფიქსირებენ.

24 ივნისს პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, ზურაბ ჩილინგარაშვილმა საჯაროდ დაუჭირა მხარი დავით ბაქრაძის კანდიდატურას და სხვებსაც იგივეს გაკეთებისაკენ მოუწოდა.

ჩილინგარაშვილის საჯარო პოსტს ამ დროისთვის 200-ზე მეტი გაზიარება აქვს. მათ შორის ჭიათურის, აბაშის, დედოფლისწყაროს, დმანისის რაიონული ორგანიზაციების გვერდების მხრიდან.

დღეს ბაქრაძის მხარდამჭერი პოსტი გამოაქვეყნა ოზურგეთის რაიონულმა ორგანიზაციამაც.

ნეტგაზეთი ესაუბრა პარტიის ერთ-ერთ ლიდერ სერგი კაპანაძეს და სპიკერ ირაკლი კიკნაველიძეს, მათი თქმით, პარტია პრეზიდენტობის კანდიდატურაზე დისკუსიას აგრძელებს.

სერგი კაპანაძის თქმით, რეგიონული ორგანიზაციები, რომლებიც ბაქრაძის კანდიდატურას უჭერენ მხარს, თავიანთ პოზიციას ახმოვანებენ. საბოლოო გადაწყვეტილება კი ჯერ მიღებული არ არის.

“ევროპული საქართველოს” სპიკერის, ირაკლი კიკნაველიძის განცხადებით, პარტიის შიგნით ახლაც მსჯელობენ პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებით. მისი თქმით, უახლოეს დღეებში წარუდგენენ თავიანთ კანდიდატს მოსახლეობას. როგორც ირაკლი კიკნაველიძე განმარტავს, დავით ბაქრაძის პრეზიდენტობის კანდიდატობა “ევროპული საქართველოს” ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის წევრებს სურთ, მაგრამ პარტიას ჯერჯერობით არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება.

დავით ბაქრაძე ერთხელ უკვე იყო პრეზიდენტობის კანდიდატი 2013 წლის არჩევნებზე (ენმ-ის სახელით), თუმცა გიორგი მარგველაშვილთან დამარცხდა და მეორე ადგილზე გავიდა. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ბოლო კვლევის თანახმად, პოლიტიკოსებს შორის საქართველოს მოსახლეობას ყველაზე მეტად მოსწონს დავით ბაქრაძე (53%) და პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი (52%).

პოლიტიკოსების რეიტინგი IRI-ს კვლევის მიხედვით

მასალების გადაბეჭდვის წესი