წერილში საუბარია იმაზე, რომ საქართველომ მიიღო სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობის გადაწყვეტილება იმის მიუხედავად, რომ იგი საქართველო-რუსეთის საზღვართან, აფხაზეთთან ახლოს იმართება.
“ამ რეგიონის მოსახლეობის უმრავლესობა – ქართველები – ამ დრომდე დევნილობაში არიან. ტრაგიკული კონფლიქტიდან 20 წელი გავიდა და ამ დრომდე მათ არ შეუძლიათ თავიანთ სახლებში დაბრუნება,” – წერს ღარიბაშვილი.
პრემიერი, ასევე, საუბრობს იმ ვითარებაზე, რაც შეიქმნა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, აღნიშნავს, რომ რუსეთი არ ასრულებს შეთანხმებით აღებულ ვალდებულებას – გაიყვანოს ჯარი სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის რეგიონიდან და არღვევს საერთაშორისო ნორმებს. ირაკლი ღარიბაშვილი წერილში აღწერს, რომ აღნიშნულ რეგიონებში გავლებულია მავთულხლართები, ბოლო დროს კი აფხაზეთის ტერიტორიაზე 11 კმ-ით დაარღვია რუსეთმა სასაზღვრო ზოლი; მისივე თქმით, საქართველოსა და რუსეთს შორის მოშლილია დიპლომატიური ურთიერთობა და არც ჩანს მისი აღდგენის პერსპექტივა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამავე წერილში საუბრობს ახალი ხელისუფლების პირობებში იმ ნაბიჯების შესახებ, რაც რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მიზნით გადაიდგა.
“ჩვენ წინაშე ურთულესი ამოცანა დგას, ერთი მხრივ, რუსეთი არ აპირებს უკან წაიღოს მისი გადაწყვეტილება აფხზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების შესახებ, ხოლო საქართველო ამას არასდროს შეურიგდება,” – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი წერს, რომ 2013 წლის ნოემბერში საქართველომ მოახდინა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პარაფირება, რომელსაც მიმდინარე წლის ზაფხულში მოეწერება ხელი.
“ჩვენ ველოდებით ევროკავშირთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირის გაფართოებას, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის არსებითად ლიბერალიზაციას. ჩემი მთავრობა, ასევე, საქართველოს პარლამენტი, ურყევად გააგრძელებს საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის შემდეგ გზას.
ამასთანავე გამოითქმება ისეთი ეჭვები, რომ რუსეთი შეეცდება საქართველოს უარი ათქმევინოს ამ ხელშეკრულების ხელმოწერაზე. ამ ეჭვებს ამძაფრებს უკრაინაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიც”
ისმის ასეთი კითხვებიც: რა ზომებს მიმართავს რუსეთი თბილისის მიმართ? – ძალისმიერ ზეწოლას, თუ შედარებით “მსუბუქ ძალას”? ისევ დააწესებს თუ არა მოსკოვი სავაჭრო ემბარგოს ქართულ პროდუქციაზე? სამწუხაროდ, ეს შეკითხვები გამოხატავს ხალხის განწყობას და უნდობლობის ხარისხს. როგორც ბოლო დროს ჩატარებული კვლევები აჩვენებს, საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 70% მხარს უჭერს რუსეთთან დიალოგს, ამავდროულად, მათი უმრავლესობა ჩრდილოელ მეზობელს მთავარ საფრთხედ მიიჩნევს.
ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ საქართველოს სტაბილური და დემოკრატიული განვითარება, მისი თავისუფალი არჩევანის უფლება არ ეწინააღმდეგება კეთილმეზობლობის ინტერესებს”, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
პრემიერის თქმით, სწრაფვა ევროინტეგრაციისკენ საქართველოს ისტორიული არჩევანია.
“დღევანდელი ევროპა იდეალური არაა სამყაროში, მაგრამ სად არის უკეთესი? როდესაც მე-18 საუკუნეში საქართველო ცდილობდა ერთმორწმუნე რუსეთის მფარველობის მოპოვებას, ჩემი წინაპრები ამას ისე აღიქვამდნენ, როგორც ევროპულ ძალას და ევროპისკენ ხიდად. საქართველოს მხრიდან იყო უიმედო მცდელობა გამხდარიყო ევროპის ნაწილი 1918-21 წლებში. ვიზიარებ რუსეთის სწავლულების აზრს, რომ მოსკოვმა დღევანდელ კონტექსტში არ უნდა აირჩიოს მისთვის საქართველოსა და ევროპას შორის კედლის ფუნქცია. ეს დიდი შეცდომა იქნებოდა,” – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.




