“შემდეგი კვირიდან ვიწყებთ მონიტორინგს. უკვე არსებობს 6 თვიანი გაწერილი გეგმა – გრაფიკი, როდის სად შევდივართ. მონიტორინგი განხორციელდება ნებისმიერ ბავშვთა სახლში, მათ შორის საპატრიარქოს მზრუნველობის ქვეშ და სხვა ალტერნატიული სერვისების ფარგლებში არსებულ სახლებში,”- ამბობს კაკაჩია.
კითხვაზე, რატომ არ ჩატარებულა ბავშვთა სახლების მონიტორნგი სამინისტროს მიერ აქამდე, სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი ამბობს, რომ სააგენტოს ფარგლებში პროგრამების მონიტორინგის სამმართველო ახალი შექმნილია.
“ამ სახლების მონიტორინგი კი იყო სამინისტროს ფუქნცია, მაგრამ ის, ვინც განახორციელებდა ამას, არ არსებობდა. ბავშვთა სახლებში ომბუდსმენი შედიოდა. ამ შემთხვევაში კი, უკვე არსებობს კონკრეტული სამმართველო.”
კაკაჩიას თქმით, საპატრიარქოს მზრუნველობის ქვეშ არსებულ სახლებში მცხოვრები ბავშვების ზუსტი რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე მას არ აქვს.
“დაახლოებით, 4 ბავშვთა სახლზეა ლაპარაკი, თუმცა, ბავშვების ზუსტი რაოდენობა, ჯობს ერთი თვის შემდეგ გითხრათ.”
მისივე თქმით, საპატრიარქოს მზრუნველობის ქვეშ არსებული სახლები ბათუმში, ნინოწმინდაში, ბედიანსა და ძეგვშია და მონიტორნგის დროს გაირკვევა, იქ მყოფი ყველა ბავშვი არის თუ არა მზრუნველობამოკლებული.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციამ (DRI) 2013 წლის დეკემბერში სამწლიანი (2010-2013) ანაგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში სახელწოდებით “შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების და მოზრდილების რეფორმებიდან გარიყვა და მათი უფლებების დაცვა საქართველოს რესპუბლიკაში” ეკლესიის მფარველობის ქვეშ არსებული ბავშვთა თავშესაფრებიც მოხვდა.
“საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან არსებობს ობოლთა თავშესაფრების პარალელური სისტემა. იმ დროს, როდესაც სახელმწიფო ხურავს ობოლთა თავშესაფრებს, ეკლესია განაგრძობს ახალი ობოლთა თავშესაფრების დაარსებასა და ფინანსირებას. რადგან ეს დაწესებულებები სრულიად არ რეგულირდება, ისინი წარმოადგენს განსაკუთრებით სერიოზულ საფრთხეს ადამიანთა უფლებების
თვალსაზრისით. ამ დაწესებულებებში არსებული ბავშვთა რაოდენობა უცნობია,”- წერია ანგარიშში.
DRI-ის ანგარიშის მიხედვით ირკვევა, რომ 2013 წლის სექტემბერში ჩაწერილი ინტერვიუს დროს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელმა უარი თქვა, DRI-სთვის მიეწოდებინა მონაცემები ბავშვების რაოდენობის შესახებ, რომლებიც იმყოფებიან მათი მზრუნველობის ქვეშ.
იმის მიუხედავად, რომ საპატრიარქოს ბავშვთა სახლების მონიტორინგს ჯანდაცვის სამინისტრო უნდა ახორციელებდეს, და ამის შესახებ თავად მინისტრსაც ჰქონდა ნათქვამი, მონიტორინგის შესახებ საუბარი სამინისტრომ სწორედ აღნიშნული საერთაშორისო ანგარიშის შემდეგ დაიწყო.




