ახალი ამბები

მრავალეროვანი საქართველო მთავრობას კიდევ 3 კონფესიის დაფინანსების რეკომენდაციას აძლევს

27 იანვარი, 2014 •
მრავალეროვანი საქართველო მთავრობას კიდევ 3 კონფესიის დაფინანსების რეკომენდაციას აძლევს

 

“საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ მიესალმება და მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებულ დადგენილების პროექტს საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე, რითაც გათვალისწინებულია ბიუჯეტიდან დაფინანსდეს საქართველოს მართლმამდიდებლური ეკლესიის გარდა 4 რელიგიური გაერთიანება: ებრაული თემი, სომეხთა წმიდა სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესიის საქართველოს ეპარქია, ისლამური თემი და კათოლიკური ეკლესია. ვფიქრობთ, რომ მთავრობის მხრიდან ზემოაღნიშნული რელიგიური გაერთიანებებისადმი გამოჩენილი მხარდაჭერა წარმოადგენს უპრეცედენტო პოლიტიკური ნების გამოვლინების ფაქტს საქართველოს უახლეს ისტორიაში ისტორიული სამართლიანობის აღდგენის თვალსაზრისით. უფრო მეტიც, საქართველოს ხელისუფლების მირ გამოვლენილი კეთილი ნება უსათუოდ პოზიტიურ გავლენას იქონიებს ქვეყანაში რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების პატივისცემის ტრადიციების აღდგენაზე. ამასთან ერთად, „მრავალეროვანი საქართველო“ მიზანშეწონილად მიიჩნევს სამთავრობო დადგენილების პროექტით განსაზღვრულ 4 რელიგიურ გაერთანებას დაემატოს საქართველოსთვის უკვე ტრადიციულად ქცეული 3 რელიგიური თემი, კერძოდ, ევანგელურ-ლუთერანული ეკლესია, რომლის წარმომადგენლების მიმართ 1941 წელს განხორციელდა რეპრესია, ხოლო მათ საკუთრებაში არსებულ უმეტეს საკულტო ნაგებობებს გაუკეთდათ კონფისკაცია, რომლებიც შემდგომში განადგურებულ იქნა, ასევე, ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია და ეზიდთა თემი, რომელთა წარმომადგენლების მიმართაც ასევე განხორციელდა რეპრესია საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის მხრიდან. ყოველივე ზემოღნიშნულის გათვალისწინებით, იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს მთავრობა გაითვალისწინებს „მრავალეროვანი საქართველოს“ რეკომენდაციას და დადგენილების პროექტით გათვალისწინებულ 4 რელიგიურ გაერთიანებას დაუმატებს 3 რელიგიურ თემს, რომელზეც ასევე გავრცელდება სამთავრობო პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები”, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

 

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სომხური სამოციქულო, კათოლიკური, მუსლიმური და იუდაისტური რელიგიური გაერთიანებები ბიუჯეტიდან დაფინანსებას მიიღებენ. საუბარია 4,5 მილიონ ლარზე, რომელი აღნიშნულ კონფესიებზე პროპორციულად გადანაწილდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი