ახალი ამბები

რას გულისხმობს სახელმწიფო ავტოპარკის შესახებ მთავრობის მიერ შემუშავებული ახალი წესი

27 იანვარი, 2014 •
რას გულისხმობს სახელმწიფო ავტოპარკის შესახებ მთავრობის მიერ შემუშავებული ახალი წესი

ამ საკითხზე მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ კანცელარიის უფროსმა მაია ცქტიშვილმა ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, ავტომობილის კლასიფიკაციის წესი ადგენს მინიმალურ ტექნიკურ მოთხოვნებს შესასყიდი ავტომობილებისთვის.

“დაუშვებელია დადგენილი მინიმალური ტექნიკური მოთხოვნების გაზრდა. წესის მიხედვით, სახელმწიფო ორგანიზაციების სატენდერო წინადადებებში მოთხოვნილი იქნება არა მხოლოდ შესაძენი მანქანის საწყისი ღირებულება, არამედ მანქანის საწყისი ღირებულებას დამატებული მისი ფლობის ფასი ერთი წლის განმავლობაში (საწვავის ხარჯი, მომსახურების ხარჯი და ა.შ.), რაც მნიშვნელოვნად დაზოგავს საბიუჯეტო სახსრებს”, – განაცხადა მან.

წესის მიხედვით სახელმწიფო ავტოპარკი დაიყო ოთხ კატეგორიად:

IV, ყველაზე დაბალი კატეგორიის ავტომობილები გამოიყენება საკურიერო-საფელდეგერო მომსახურებისთვის და ქალაქის შიგნით თანამშრომელთა ტრანსპორტირებისთვის. ამ კატეგორიის ავტომობილის ფლობის მაქსიმალურ ფასად განისაზღვრა – $15 400 (ფასში შედის ავტომობილის საწყისის ღირებულებას დამატებული მისი ფლობის ხარჯი ერთი წლის განმავლობაში), ხოლო პირველ კატეგორიად განისაზღვრა ავტომობილები, რომლებიც მოემსახურებიან მინისტრის მოადგილეებს და სხვა ამ რანგის თანამდებობის პირებს, მსუბუქი (სედანი) ავტომობილის მაქსიმალურ ფასად ამ კატეგორიაში განისაზღვრა $31500 (ღირებულებაში შედის ავტომობილის საწყისის ღირებულებას დამატებული მისი ფლობის ხარჯი ერთი წლის განმავლობაში).

III კლასის ავტომობილები გამოიყენება სამორიგეო, მომარაგების, თანამშრომლების ტრანსპორტირებისათვის ქვეყნის მასშტაბით; მოემსახურება საქართველოს მთავრობის კანცელარიის სტრუქტურულ ქვედანაყოფს: საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველს, რეგიონალური და/ან რაიონული სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს და სხვა ამ რანგის თანამდებობის პირებს. ფლობის მაქსიმალური ღირებულება -$16 800 (ფასში შედის ავტომობილის საწყისის ღირებულებას დამატებული მისი ფლობის ხარჯი ერთი წლის განმავლობაში). მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის -$24 300 (ფასში შედის ავტომობილის საწყისის ღირებულებას დამატებული მისი ფლობის ხარჯი ერთი წლის განმავლობაში).

II კლასის ავტომობილები მოემსაახურება დეპარტამენტის უფროსს, მასთან გათანაბრებული თანამდებობის პირებს და სხვა ამ რანგის საჯარო მოსამსახურეებს. მსუბუქი ავტომობილების ზღვრული ფლობის ღირებულებაა $21000 (ფასში შედის ავტომობილის საწყის ღირებულებას დამატებული მისი ფლობის ხარჯი ერთი წლის განმავლობაში). მაღალი გამავლობის ავტომობილების ზღვრული ფლობის ღირებულება – $26500 (ფასში შედის ავტომობილის საწყის ღირებულებას დამატებული მისი ფლობის ხარჯი ერთი წლის განმავლობაში).

I კლასის ავტომობილები განკუთვნილია ქვემოთ ჩამოთვლილი თანამდებობის პირებისათვის და უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: მინისტრების და სახელმწიფო მინისტრების მოადგილეები და მათთან გათანაბრებული თანამდებობის პირები; საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილე და მასთან გათანაბრებული თანამდებობის პირი. საქართველოს პრემიერმინისტრის თანაშემწე ეკონომიკურ საკითხებში, ეკონომიკური საბჭოს მდივანი, საქართველოს პრემიერმინისტრის თანაშემწე სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში, სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი და სხვა ამ რანგის თანამდებობის პირები. მსუბუქი ავტომობილების ზღვრული ფლობის ღირებულებაა მაღალი განმავლობის ავტომობილების ზღვრული ფლობის ღირებულება $47000 (ფასში შედის ავტომობილის საწყისის ღირებულებას დამატებული მისი ფლობის ხარჯი ერთი წლის განმავლობაში).

 

მაია ცქიტიშვილის განმარტებით, დადგინდა ავტომობილების გადანაწილების წესი – 1 ცალი ავტომობილი ყოველ 20 საშტატო ერთეულზე, ხოლო ყოველ დანარჩენ 50 საშტატო ერთეულზე- დამატებით 1 ცალი ავტომობილი. აღნიშნული წესი არ ვრცელდება საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ მისიებზე, პროტოკოლის ავტომობილებზე, თავდაცვის სამინისტროს გენ.შტაბზე, ოპერატიული დანაყოფებზე და სხვა განსაკუთრებული სპეციფიკის მქონე უწყებებზე.

“ჩამოთვლილი კატეგორიის სამსახურებს ავტოპარკის სტანდარტიზაციისთვის დაევალათ სამუშაო სპეციფიკის გათვალისწინებით ინდივიდუალური პროექტების შემუშავება. გარდა ამისა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა უზრუნველყოს ავტომობილების მინების დამუქებისა და სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალების მონტაჟის მომწესრიგებელი სამართლებრივი აქტების განახლებული რეგულაციების შემუშავება არაუგვიანეს 2014 წლის 28 თებერვლისა, რომელიც გაამკაცრებს აღნიშნული საშუალებების გამოყენებას”.

 

ამ საკითხზე განცხადება დღეს შს მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემაც გააკეთა და თქვა, რომ აღნიშნულ პროცსს პირად კონტროლზე აიყვანს:

 

“ვმუშაობთ უკვე და მომავალში გვეოციდნება კონკრეტული პასუხები. დამუქებაზე გარკვეულ აკრძალვები იქნება და გამკაცრდება…  ასევე, ციმციმებზეც, რასაც პირადად გავაკონტროლებ”, – აღნიშნა მინისტრმა.

ცქიტიშვილის განმარტებით კი, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება დაფუძნებულია რამდენიმე ევროპული ქვეყნის გამოცდილებასა და მოდელზე. მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღევანდელ მთავრობის სხდომაზე გამოვიდა ახალი ინიციატივით:

 

“1. მიმდინარე წელს მთავრობამ გამოაცხადოს მორატორიუმი და უარი თქვას ახალი ე.წ. I კატეგორიის მანქანების შესყიდვაზე. 2. სამინისტროებმა მოახდინონ არსებული ავტოპარკის მონიტორინგი და მოახდინონ იმ მაღალი კლასის მანქანების რეალიზაცია, რომლებიც არ წარმოადგენენ განსაკუთრებულ საჭიროებას და მათი შენახვა სახელმწიფოს ძვირი უჯდება. მიღებული სახსრები უნდა მოხმარდეს ისევ იმ სტრუქტურის განვითარებას – კადრების კვალიფიკაციის ამაღლებას. 3. დადგენილებაში მითითებულია მინების დამუქნების წესის გადასინჯვა – აქაც პრემიერ-მინისტრი გამოდის ინიციატივით, რომ მაქსიმალურად შეიზღუდოს მინების დამუქების გამოყენების პრაქტიკა”.

 

საქართველოს მთავრობის წევრები ზემოხსენებულ მიესალმებიან და აცხადებენ, რომ ახალი სტანდარტებით საბიუჯეტო თანხები საგრძნობლად დაიზოგება:

 

“მნიშვნელოვანი ინიციატივაა. ეს ძალიან დიდ ფულს დაუზოგავს ბიუჯეტს და, რაც მთავარია, ეს იქნება ის მოდელი და სისტემა, რომელიც სამომავლოდაც დამკვიდრდება. რაც შეეხება შეიარაღებულ ძალებს, ბუნებრივია, სამხედრო შეიარაღებული ძალების ტრანსპორტირების სხვა სპეციფიკა აქვს და აქ გასნხვავებული მიდგომები იქნება”, – აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.

“ძალიან საინტერესოა, ერთი მხრივ, დაზოგვასთან დაკავშირებული საკითხი და, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია ის, რომ თუ რომელიმე უყწებას გაუჩნდება ახალი ავტომობილის შესყიდვის საჭიროება და სხვა სახელმწიფო უწყებას ასეთი ექნება, მოხდება მისი გადანაწილება. ესეც გარკვეულ დანაზოგს გამოიწვევს. მე ზუსტად არ შემიძლია გითხრათ ზუსტი ციფრი”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი