ამის შესახებ მერიის პრესსამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:
დედაქალაქი დღემდე ბიუჯეტის გარეშეა დარჩენილი. მთავარი საფინანსო დოკუმენტის დაუმტკიცებლობის სხვადასხვა მიზეზები სახელდება. იმისათვის, რომ აღნიშნული საკითხის ირგვლივ საზოგადოებაში პასუხგაუცემელი კითხვები არ არსებობდეს, თბილისის მერია 2014 წლის 29 იანვარს, 13:00 საათზე, სასტუმრო ,,Courtyard Marriot“ – ში საჯარო შეხვედრას ჩაატარებს. თბილისის 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის დეტალურ პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე პაპუნა პეტრიაშვილი წარადგენს.
აღნიშნული შეხვედრა საზოგადოების ინფორმირების მიზნით ტარდება. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა მიეცემა ამომწურავად და სრულყოფილად მიიღოს პასუხი მათთვის საინტერესო საკითხებზე.
თბილისის 2014 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით დაგეგმილ შეხვედრაზე მონაწილეობისთვის თბილისის მერია იწვევს არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახელმწიფო დაწესებულებებს, საქართველოში მოქმედ უნივერსიტეტებსა და აღნიშნული საკითხით დაინტერესებულ საზოგადოების ნებისმიერ მოქალაქეს.