ახალი ამბები

შსს ადასტურებს, რომ 2 ქართველი მესაზღვრე რუსეთმა დააკავა

28 ივნისი, 2018 • 5141
შსს ადასტურებს, რომ 2 ქართველი მესაზღვრე რუსეთმა დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს ლაგოდეხის რაიონში რუსეთის მიერ დაკავებული ორი ქართველი მესაზღვრის შესახებ:

“მიმდინარე წლის 27 ივნისს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ლაგოდეხის სამმართველოს ორი მესაზღვრე, მიღებული გეგმური დავალების შესაბამისად, საქართველო-რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე გავიდა მორიგი დროებითი საზაფხულო საგუშაგოს გასახსნელად.

გარკვეული დროის განმავლობაში მესაზღვრეებთან კომუნიკაცია შეწყდა, რის შემდეგაც დაიწყო მათი ძებნის ღონისძიება.

პარალელურად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მიერ დადგინდა, რომ ქართველი მესაზღვრეები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.

მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად, ქართველი მესაზღვრეების გადმოცემა უნდა მოხდეს მიმდინარე წლის 29 ივნისს.

მესაზღვრეების დაბრუნების შემდეგ ქართული მხარე ინციდენტს დეტალურად გამოიკვლევს და ყველა შესაბამის პროცედურას განახორციელებს”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ლაგოდეხის რაიონში, საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთთან რუსმა სამხედროებმა ორი ქართველი მესაზღვრე გაიტაცეს. ამის შესახებ ინფორმაციას Reginfo ავრცელებს. შსს-მ გუშინდელ ინციდენტზე ინფორმაცია მას შემდეგ გაავრცელა, რაც შესაბამისი ცნობა Reginfo-მ გამოაქვეყნა.

გამოცემის თანახმად, სასაზღვრო პოლიციის წევრები გუშინ გაიტაცეს. ადგილობრივებმა „რეგინფოსთან“ საუბარში დაადასტურეს ქართველი მესაზღვრეების გატაცების შესახებ ინფორმაცია.

REGINFO:ლაგოდეხში რუსმა სამხედროებმა ორი ქართველი მესაზღვრე გაიტაცეს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი