“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის საპასუხოდ, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ განაცხადა, რომ ზაზა მაზმიშვილი, რომელიც კომისიის ვებგვერდზე უწყების თანამშრომლების სიაშია მოხსენიებული, 1963 წლის 30 ივნისს დაიბადა. ეს ადასტურებს, რომ მაზმიშვილი იგივე პიროვნებაა, რომელმაც გასულ წელს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია შეავსო. დეკლარაციაში მითითებულია, რომ მაზმიშვილი შსს-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს, ოფიცრები უშიშროების საკითხებში სამართველოს უფროსია და რომ ის 1963 წლის 30 ივნისს არის დაბადებული”, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, შსს–მ არ დააკმაყოფილა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მოთხოვნა, მოეწოდებინათ მაზმიშვილის CV, უარყო ის ფაქტი, რომ მათი წარმომადგენლები მუდმივად იმყოფებიან საზოგადოებრივ მაუწყებელსა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში და “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ბრალდებებს “არასერიოზული” უწოდა.
“ჩვენ ადრეც აღვნიშნეთ, რომ მარეგულირებელ კომისიაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მუდმივი წარმომადგენელი იმყოფება, რომელსაც მეტსახელად “გენერალს” ეძახიან და რომელიც კომისიის თანამშრომლებსა და მათ საქმიანობაზე ინფორმაციას აგროვებს. მიგვაჩნია, რომ ეს არის მაუწყებლობის შესახებ კანონის (მუხლი 6) უხეში დარღვევა. კანონი კრძალავს მარეგულირებლის საქმიანობაში ნებისმიერ ჩარევას”, – ნათქვამია განცხადებაში.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მოუწოდებს მთავრობას, გამოიჩინოს ნება და ბოლო მოუღოს საბჭოთადროინდელ „ოდეერების” პრაქტიკას:
“დაუშვებელია, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხი მუდმივად გამოყენებულ იქნას შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობაში ჩარევის საბაბად. ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ უსაფრთხოების პოლიტიკის გატარება დემოკრატიული ღირებულებების ხელყოფის გარეშე ხდებოდეს’, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.




